მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გერმანია სახმელეთო საზღვრის კონტროლს ამკაცრებს - რა ვიცით?

საზღვარი

გერმანიაში, ქალაქ ზოლინგენში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის გამო, რომელსაც სამი ადამიანი ემსხვერპლა, გერმანია სასაზღვრო კონტროლს ამკაცრებს.

საქმე ისაა, რომ თავდასხმაში ეჭვმიტანილი სირიის მოქალაქეა, რომელსაც გერმანიამ თავშესაფრის მოთხოვნა არ დაუკმაყოფილა და დეპორტაციის რისკის ქვეშ დააყენა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ISIS-მა აიღო.

ახალო საკონტროლო მექანიზმი ძალაში 16 სექტემბრიდან შევა და 6 თვის განმავლობაში იმოქმედებს. გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი, ნენსი ფესერი კი აცხადებს, რომ მთავრობა არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ მკაცრ ზომებს გაატარებს, რითაც ქვეყანაში ისლამისტურ ექსტრემიზმსა და საზღვრისპირა კრიმინალს შეამცირებს.

BBC-ის ინფორმაციით, გერმანიას უკვე აქვს კონტროლი დაწესებული აღმოსავლეთ და სამხრეთ საზღვრებზე, პოლონეთთან, ჩეხეთთან, შვეიცარიასა და ავსტრიასთან - მსგავსი საკონტროლო ზომები ყველა სხვა მიმართულებითაც გავრცელდება და ბელგიის, დანიის, საფრანგეთის, ლუქსემბურგის, ნიდერლანდებისა და დიდი ბრიტანეთის საზღვრებსაც მოიცავს.

ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რა შეიცვლება მოგზაურებისთვის, თუმცა, კონტროლის ახალი მექანიზმი, სავარაუდოდ, ყველა მგზავრზე გავრცელდება, ვინც გერმანიაში სახმელეთო გზით შევა, რამაც, შესაძლოა, საზღვარზე შეფერხებები გამოიწვიოს, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისთვის კი, შესაძლოა, უფრო დიდი დრო გახდეს საჭირო.

ექსპერტებს სჯერათ, რომ სასაზღვრო კონტროლის გამკაცრება უფრო პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, ვიდრე თავდაცვითი. მას შემდეგ, რაც რეგიონულ არჩევნებში, თანამედროვე გერმანიის ისტორიაში პირველად, ულტრა-მემარჯვენე პარტიამ "ალტერნატივა გერმანიისთვის" გაიმარჯვა, მმართველმა სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ ამომრჩეველთა გადაწყვეტილება გზავნილად მიიღო, რომ მათ სასაზღვრო კონტროლის გამკაცრება და იმიგრაციის შემცირება სურთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები