მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გერმანია საქართველოს 1992 წლიდან €1.5 მილიარდით დაეხმარა

გერმანია საქართველო

1992 წლიდან დღემდე გერმანიის მთავრობის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილია 1.5 მილიარდი ევრო, ამის შესახებ bm.ge-ს ინფორმაცია საქართველოში გერმანიის საელჩომ მიაწოდა.

საელჩოს ინფორმაციით, გაწეული დახმარება უმეტესად სესხის სახით და კაპიტალის ბაზრისთვის გამოყოფილ სახსრებში გამოიხატა.

ცნობისთვის, გერმანიას საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ფინანსური მხარდამჭერია. აღნიშნულს საფრთხე ემუქრება, ვინაიდან დღეს, საქართველოში გერმანიის ელჩმა, პიტერ ფიშერმა განაცხადა, რომ გერმანია საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვას აწარმოებს. ელჩმა ისიც თქვა, რომ ოფიციალური ბერლინი ამჟამად საქართველოსთან მიმართებით ახალ ფინანსურ ვალდებულებებს არ აიღებს.

"როგორც იცით, ჩვენ ძალიან ფართო და ღრმა ურთიერთობა გვაქვს. ჩვენ აშშ-სთან ერთად, ვართ საქართველოს განვითარების თანამშრომლობის ერთ-ერთი უმსხვილესი დონორი. გადავწყვიტეთ, რომ ამჟამად საქართველოსთან მიმართებით ახალი ვალდებულებები არ ავიღოთ, ამიტომ გერმანიიდან საქართველოსთვის ახალი ფინანსური ვალდებულებები ამჟამად არ არის. ასევე, გერმანიის შეიარაღებულმა ძალებმა „ღირსეული პარტნიორის“ წვრთნებში მონაწილეობა გააუქმა. ჩვენ გავაუქმეთ დიდი სამართლებრივი ფორუმი, რომელიც გასულ წელს თბილისში გაიმართა და ამ ზაფხულს ბერლინში უნდა ჩატარებულიყო. შემდგომ მოქმედებებს განვიხილავთ", - განაცხადა ელჩმა, პიტერ ფიშერმა.

ელჩის თქმითვე, გერმანიის ამ გადაწყვეტილების მიზეზი აქართველოს მთავრობის ქმედებებია, რის გამოც ევროკავშირში გაწევრიანების პროცესიც შეჩერდა.

შეგახსენებთ, ე.წ. რუსული კანონის მიღების შემდეგ, საქართველოსთან კავშირების გადახედვის გადაწყვეტილება აშშ-მაც მიიღო. ევროკავშირმა კი განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის მიმართ პირდაპირი დახმარება ეტაპობრივად შემცირდება და ეს თანხები მედიის და სამოქალაქო საზოგადოებისკენ გადამისამართდება.

საქართველო-გერმანიის ეკონომიკური კავშირები

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები