მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გერმანია საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვას აწარმოებს - პეტერ ფიშერი

პეტერ ფიშერი

გერმანია საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვას აწარმოებს. ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა განაცხადა.

ელჩმა ჟურნალისტებთან თქვა, რომ გერმანია ამჟამად საქართველოსთან მიმართებით ახალ ფინანსურ ვალდებულებებს არ აიღებს.

როგორც პეტერ ფიშერი აღნიშნავს, საქართველოს მთავრობის ქმედებების გამო, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერდა, რაც სამწუხაროა.

„დღეს გვაქვს გერმანიის სამოქალაქო საზოგადოების მიერ ორგანიზებული ღონისძიება, სადაც განიხილება ევროკავშირის გაფართოება. აქ გერმანიის პარლამენტის სამი წევრი იმყოფება და ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა საქართველოსთვის, რადგან საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატია, მაგრამ ჩვენ მივაღწიეთ ძალიან რთულ მომენტს გაწევრიანების პროცესში. როგორც იცით, საქართველოს მთავრობის ქმედებებიდან გამომდინარე, ევროპულმა საბჭომ 27 ივნისს მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეჩერებულიყო. ახლა ეს ევროკავშირის პოლიტიკაა და ეს ძალიან სამწუხაროა, რადგან შეიძლება ყველაფერი განსხვავებულად ყოფილიყო, ჩვენ შეიძლება წინ ძალიან სწრაფად მივდიოდეთ, მაგრამ გაწევრიანების პროცესის სიჩქარე და ხარისხი კანდიდატის ხელშია.

რაც შეეხება გერმანიას, ჩვენ ასევე, საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვას ვაწარმოებთ. როგორც იცით, ჩვენ ძალიან ფართო და ღრმა ურთიერთობა გვაქვს. ჩვენ აშშ-სთან ერთად, ვართ საქართველოს განვითარების თანამშრომლობის ერთ-ერთი უმსხვილესი დონორი. გადავწყვიტეთ, რომ ამჟამად საქართველოსთან მიმართებით ახალი ვალდებულებები არ ავიღოთ, ამიტომ გერმანიიდან საქართველოსთვის ახალი ფინანსური ვალდებულებები ამჟამად არ არის. ასევე, გერმანიის შეიარაღებულმა ძალებმა „ღირსეული პარტნიორის“ წვრთნებში მონაწილეობა გააუქმა. ჩვენ გავაუქმეთ დიდი სამართლებრივი ფორუმი, რომელიც გასულ წელს თბილისში გაიმართა და ამ ზაფხულს ბერლინში უნდა ჩატარებულიყო. შემდგომ მოქმედებებს განვიხილავთ.

რომ შევაჯამო, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია. ეს ძალიან სამწუხაროა, ბევრად უკეთეს მდგომარეობაში უნდა ვიყოთ, წინ უნდა მივდიოდეთ. მივმართავ ჩვენს ქართველ მეგობრებს, ჩვენ გვინდა, რომ ევროკავშირში გაწევრიანდეთ, მაგრამ თქვენ იცით პროცესი, უნდა აკმაყოფილებდეთ ჩვენს სტანდარტებს და თუ ვერ აკმაყოფილებთ, გაწევრიანებას ვერ შეძლებთ. ასე რომ, საქართველოს მოქალაქეებმა უნდა იფიქროთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ევროკავშირი თქვენთვის, თქვენი შვილებისთვის, თქვენი შვილიშვილებისთვის. თუ ეს გსურთ, კურსს უნდა დაუბრუნდეთ“, - განაცხადა პეტერ ფიშერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები