გერმანულმა Quantum Systems-მა უკრაინაში დრონების საიდუმლო ქარხნების ქსელი შექმნა. კომპანიაში აცხადებენ, რომ მიზანი ვერტიკალურად მოძრავი სადაზვერვო დრონების უკრაინაშივე წარმოებაა. არსებული ინფორმაციით, Quantum Systems-ი აღნიშნულ ქარხნებში ყოველთვიურად 80 დრონს აგებს. შედარებისთვის, გერმანიაში ეს რაოდენობა თვეში 120 ერთეულს არ სცდება.
ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონები, რომლებიც სამიზნეების აღმოსაჩენად WASP-ის ტიპის აკუსტიკურ სენსორებს იყენებენ, რუსული არტილერიის ადგილმდებარეობის დადგენაში უდიდეს როლს ასრულებს. მარტივად რომ ვთქვათ, ცაში აფრენილი დრონი იჭერს გამოყენებული არტილერიის ხმას და აფიქსირებს, თუ სად და რამდენი ხნის წინ მოხდა გასროლა.
კომპანიის მიერ ქარხნების უკრაინის ტერიტორიაზე გაშლა რუსული საფრთხის თავიდან აცილებას ისახავს მიზნად. ანუ, რაც უფრო მეტია საწარმო, მით უფრო რთულია წარმოების ჯაჭვის ერთიანად მოშლა.
გერმანული შეიარაღების მწარმოებლის მსგავსი მასშტაბით დაინტერესება რუსეთ-უკრაინის ომში ცხადყოფს, თუ რამდენად იქცა ბრძოლის ველი ინოვაციების გამოცდის ჰაბად. აშკარაა, რომ მსგავსი ინიციატივებისადმი არც უკრაინაა უარყოფითად განწყობილი და მზადაა, ხელი შეუწყოს ყველა იმ სამხედრო მრეწველობას, რომელიც ფრონტის ხაზზე ქვეყანას უპირატესობას მოუტანს.




























