მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გერმანიამ საქართველოს მწვანე წყალბადის მდგრადი განვითარებისთვის €1.3-მლნ-იანი გრანტი დაუმტკიცა

625eb0b59354d
ვიქტორია მღებრიშვილი
20.04.22 10:25
968
გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალურმა სამინისტრომ (BMZ) საქართველოში მწვანე წყალბადის მხარდაჭერის მიზნით 1.3 მლნ ევროს მოცულობის გრანტი დაამტკიცა. ინფორმაციას საქართველოში გერმანიის საელჩო ავრცელებს.

მათივე ცნობით, გრანტი ტექნიკური დახმარებისათვის მწვანე წყალბადის ტექნოლოგიის დანერგვის მხარდასაჭერად, ხელსაყრელი საკანონმდებლო ბაზის განვითარებისა და საქართველოს მთლიან ენერგოუსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების შემუშავებისთვის დამტკიცდა.

საელჩოში აღნიშნავენ, რომ გერმანიის ფედერალური მთავრობა გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) მეშვეობით და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან და საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდთან (GEDF) თანამშრომლობით საქართველოში მწვანე წყალბადის ბაზრის განვითარებას ხელს შეუწყობს.

საქართველოს მთავრობა და KfW რამდენიმე თვის წინ დეკლარაციით „მწვანე წყალბადის ხელშეწყობა საქართველოში“ პირველი სამაგალითო პროექტის შემუშავებაზე შეთანხმდნენ, რომელიც მწვანე წყალბადის ღირებულების ჯაჭვს ეხება.

„ჩვენი გერმანელი პარტნიორების დახმარებით საქართველო იქნება პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელიც წყალბადის ტექნოლოგიებს განავითარებს. ეს იქნება კიდევ ერთი ნაბიჯი ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მხარდაჭერისათვის და თავის წვლილს შეიტანს იმაში, რომ ენერგეტიკულ ბაზარზე ენერგომომარაგება გახდეს მდგრადი და ნაკლებად დამოკიდებული ნახშირბადზე“, - განაცხადა საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის (GEDF) დირექტორმა გიორგი ჩიქოვანმა.

„ენერგეტიკული სექტორის დივერსიფიკაცია და ენერგეტიკული უსაფრთხოება საქართველოსთვის გადამწყვეტი საკითხია, განსაკუთრებით უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე. გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ამ გზაზე და ჩვენი მწვანე წყალბადის პროექტი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ამ კუთხით“, - განაცხადა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები