ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, გერმანიაში დროებით დასაქმებისთვის წასული და შემდეგ დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების მიერ მიღებული გამოცდილება ქვეყნისთვის სარგებლის მომტანი იქნება. განცხადება ტიკარაძემ პარლამენტში გააკეთა, სადაც მთავრობის წევრობის კანდიდატების მოსმენა მიმდინარეობს.
საქმე იმაშია, რომ საქართველოსა და გერმანიას შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომელიც გერმანიაში, 3 თვით, საქართველოს მოქალაქეების ლეგალურ დასაქმებას ითვალისწინებს. ლეგალურად დასაქმების მიზნით რეგისტრაცია 15 თებერვალს დაიწყო, ხოლო სეზონური სამუშაოები გერმანიაში 1 აპრილიდან დაიწყება. სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, მხოლოდ დღენახევარში, „დროებითი დასაქმების მსურველი შრომითი მიგრანტის სარეგისტრაციო პორტალზე“ დარეგისტრირდა 53 274 პირი, მათგან სააპლიკაციო ფორმა - „დროებითი დასაქმება გერმანიაში“ 35 121 პირმა შეავსო.
„ცირკულარულ მიგრაციაზე მინდა გავაკეთო აქცენტი, რადგან გერმანიაში დროებითი დასაქმების შესაძლებლობამ გარკვეული ორაზროვანი რეაქცია გამოიწვია ჩვენს საზოგადოებაში. დასაქმებისა და შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის გატარება, მათ შორის საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად დროებითი დასაქმების შესაძლებლობების გახსნა მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. არალეგალური ემიგრაცია როგორც საქართველოსთვის, ისე ევროკავშირის ქვეყნებისთვის პრობლემური საკითხია, რომელსაც მნიშვნელოვნად აწესრიგებს ორ ქვეყანას შორის ცირკულარული შეთანხმება. გარდა ამისა, ეს შეთანხმება აახლოებს ქვეყნებს.
ჩვენს მოქალაქეებს მივეცით შესაძლებლობა, დროებით დასაქმდნენ ევროკავშირის წევრ, მდგრად ქვეყნებში, სადაც მათ ელოდებათ ღირსეული შრომითი ანაზღაურება და ჯანსაღი შრომითი გარემო. გარდა ეკონომიკური ინტერესისა, ჩვენი მოქალაქეები შეიძენენ მნიშვნელოვან გამოცდილებას და გაეცნობიან ევროპაში არსებულ სისტემას. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მათი გამოცდილება და ეროვნულ საქმიანობაში გამოყენება ისევ ჩვენი ქვეყნისთვის იქნება სარგებლის მომტანი“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.




























