საქართველოს ბიზნეს ასოციაციის BAG ინდექსის კვლევა აჩვენებს, რომ 2026 წლის II კვარტალში გამოკითხული კომპანიების 27%-მა გაზარდა გაყიდვების ფასები, ხოლო III კვარტალში 22% ვარაუდობს, რომ ფასი გაიზრდება.
სექტორებს შორის, 2026 წლის II კვარტალში ფასების ზრდას პროცენტულად ყველაზე მეტი კომპანია მშენებლობის (50%) სექტორში აფიქსირებს, III კვარტალში ზრდის მოლოდინი კი ყველაზე მეტად მრეწველობის სექტორშია (35%).
BAG ინდექსი ემყარება საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებისა და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიების შეფასებებს, რომელსაც საქართველოს ბიზნეს ასოციაცია და PMC კვლევითი ცენტრი ifo ეკონომიკური კვლევების გერმანული ინსტიტუტის მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით აწარმოებს. 2026 წლის მეორე კვარტალის გამოკითხვა ჩატარდა 2026 წლის 9-25 ივნისის პერიოდში.
კვლევაში ასევე არის ინფორმაცია დასაქმების შესახებ - II კვარტალში, გამოკითხულ კომპანიათა 35%-მა განაცხადა, რომ მათთან დასაქმებულთა რაოდენობა იზრდება. გამოკითხული კომპანიების 34% ელის დასაქმებულთა რაოდენობის ზრდას მომდევნო კვარტალში, ხოლო 61% არ აპირებს დასაქმებულთა რაოდენობის შეცვლას.
სექტორებს შორის, 2026 წლის II კვარტალის მდგომარეობით, დასაქმებულთა რაოდენობის ზრდა ყველაზე მეტად ვაჭრობის სექტორში ფიქსირდება. რაც შეეხება III კვარტალის მოლოდინს, დასაქმებულთა რაოდენობის ზრდის შესახებ ყველაზე პოზიტიური შეფასებით კვლავ ვაჭრობის სექტორი გამოირჩევა.
რაც შეეხება გაყიდვებს/მოთხოვნას/ადგილობრივი წარმოებას - II კვარტალში, გამოკითხულ კომპანიათა 67%-მა დააფიქსირა გაყიდვების ზრდა, ხოლო 6%-მა - შემცირება. რაც შეეხება მოლოდინს, გამოკითხული კომპანიების 64% ფიქრობს, რომ მოთხოვნა გაიზრდება, ხოლო 4% შემცირებას მოელის.
გაყიდვების მხრივ, სექტორებს შორის, II კვარტალის მდგომარეობას ყველაზე პოზიტიურად ვაჭრობის და მომსახურების (69-69%) სექტორებში აფასებენ, ხოლო ყველაზე ნაკლებად პოზიტიურად - მშენებლობის სექტორში (50%). 2026 წლის III კვარტალისთვის ყველაზე პოზიტიური მოლოდინი ვაჭრობის სექტორში (69%) ფიქსირდება.




























