მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კომპანიებს უამრავი საშუალება გვაქვს დასაქმების და კადრებს ვერ ვპოულობთ"|რა გამოწვევები აქვს ბიზნესს

ალექსანდრე რატიშვილი

"წინ მივდივართ მიუხედავად ბევრი ბარიერისა, რომლებიც თავისუფლად შეიძლება, რომ არ იყოს, მაგრამ ბიზნესმენების განსაკუთრებული თვისება სწორედ ეგ არის - არ უნდა გავჩერდეთ, ვებრძვით პრობლემებს და შეძლებისდაგვარად ვუმკლავდებით",- ამის შესახებ „გადასახადის გადამხდელთა კავშირის“ თავმჯდომარემ, პურ-ფუნთუშეულის მწარმოებელი კომპანია „ემსიბი ჯორჯიას“ ხელმძღვანელმა ალექსანდრე რატიშვილმა BM.GE-სთან განაცხადა.

ბიზნესმენი გამოწვევებს შორის გამოყოფს კადრების დეფიციტს, გადასახადებს, ფინანსებზე წვდომასა და ბიუროკრატიულ ბარიერებს.

"გამოწვევები არაერთია. პირველ რიგში, გადასახადებს უნდა გადახედოს მთავრობამ, დღგ-ს და სხვასაც. განსაკუთრებით წარმოების განვითარების და ხელშეწყობის თვალსაზრისით, ეს საკითხი სერიოზულად გადასახედია. გამოწვევა უმძიმესი და უპირველესი სამუშაო ძალა და სპეციალისტების დიდი დეფიციტი ქვეყანაში. ეს არის ისეთი გამოწვევა, რომლის უახლოეს მომავალში, გადაჭრის პერსპექტივა ძალიან ძნელად ჩანს, იმიტომ რომ თითქოს ყველა იმას ჩივის ამ ქვეყანაში, რომ სამსახური არა გვაქვს, უმუშევრობა მაღალია, მაგრამ ჩვენ, კომპანიებს, უამრავი საშუალება გვაქვს დასაქმების ადამიანების და ვერ ვპოულობთ მათ. ნუ, ამას ხელს უწყობს ასევე ძალიან დიდი მიგრაცია ქვეყნიდან სამუშაო ძალის, ანუ როგორც სპეციალისტების, ისე მუშახელის. ეს ერთ-ერთი დიდი გამოწვევაა. უზარმაზარი გამოწვევა განვითარებისთვის, რომელიც ასევე გადაულახავ პრობლემად რჩება, ეს არის ფინანსურ რესურსებზე წვდომა. თითქოს წვდომა გაიოლებულია, მიბრძანდით ბანკში და თუ კარგი პროექტი გაქვთ, მიიღეთ თანხა, მაგრამ როგორც კი მიადგებით წლიური საპროცენტო განაკვეთების ოდენობას, რაც დღეს საქართველოშია კომერციული ბანკების მხრიდან, ეს ძალიან დიდი შემაფერხებელი და სერიოზული შემაკავებელი ფაქტორია ნებისმიერი მეწარმისთვის, რომ რაიმე ახალი საქმე დაიწყოს. არსებობს კიდევ ბიუროკრატიული ბარიერები. აი ვაშენებდით შენობას, იქ ნებართვები, შეთანხმებები... თვეში ერთხელ ახალ-ახალ რეგულაციებს იგონებენ, რეგულაციებს უნდა მოერგო, შემდეგ ეს ყველაფერი უზარმაზარ ხარჯებთან არის დაკავშირებული, რომელიც არავის აინტერესებს საიდან უნდა მოიტანო და ასე შემდეგ",- ამბობს ალექსანდრე რატიშვილი.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის BAG ინდექსის კვლევის შედეგებით, გამოიკვეთა ორი ფაქტორი, რომელიც კომპანიების ბიზნესსაქმიანობას თანაბრად აფერხებს - სპეციალისტების ნაკლებობა და სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები. საგულისხმოა, რომ აღნიშნული ფაქტორის მაჩვენებელი წინა კვარტალთან შედარებით, 6 პროცენტული პუნქტით გაიზარდა, ხოლო სპეციალისტების ნაკლებობის - 3 პუნქტით შემცირდა. აღნიშნულ პერიოდში, გამძაფრდა ასევე, მოთხოვნის სიმცირის პრობლემა (11 პროცენტული პუნქტით და 32% შეადგინა), ხოლო ლარის გაცვლითი კურსის არასტაბილურობის პრობლემა მნიშვნელოვნად, 7 პროცენტული პუნქტით შემსუბუქდა.

დღგ-ს ზღვარი სწრაფადაა გასაზრდელი. ₾500 000-მდე ზრდასაც კი დავუჭერდი მხარს - ალექსანდრე რატიშვილი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები