მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღგ-ს ზღვარი სწრაფადაა გასაზრდელი. ₾500 000-მდე ზრდასაც კი დავუჭერდი მხარს - ალექსანდრე რატიშვილი

ალექსანდრე რატიშვილი

ბიზნესმენი ალექსანდრე რატიშვილი მიიჩნევს, რომ დღგ-ის რეგისტრაციის 100 000-ლარიანი ზღვრის გაზრდა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და სწრაფად მისაღები გადაწყვეტილებაა.

როგორც "გადასახადის გადამხდელთა კავშირის“ თავმჯდომარემ BM.GE-სთან განაცხადა, შედეგად, მცირე და საშუალო ბიზნესს ფინანსების მართვის მეტი შესაძლებლობა გაუჩნდება.

"ყველა ბიზნესი მიესალმება, თუკი იქნება ეს გადაწყვეტილება მიღებული. 500 000-მდე გაზრდასაც კი დავუჭერდი მხარს. ჩვენი ეკონომიკის განვითარებისთვის, განსაკუთრებით წარმოების ნაწილში, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და სწრაფად მისაღები გადაწყვეტილება და ვისაც ხელეწიფება მსგავსი გადაწყვეტილებების მიღება, კიდევ ერთხელ მოვუწოდებდი, რომ სასწრაფოდ ეს გადაწყვეტილება მიიღოს. 100 000 ლარის ოდენობით დღგ-ს ზღვრის განსაზღვრა არის ძალიან დიდი ხნის რეგულაცია, რომელსაც, რა თქმა უნდა, სჭირდება გადახედვა და შესაბამისი მორგება, შესაბამისად დღევანდელ სიტუაციასთან.

ბიზნესს მეტი რესურსი, სიმშვიდე, შესაძლებლობა გაუჩნდება თავისი ფინანსების მართვის და რაც შეეხება იმ ბიზნესებს, რომლებისთვისაც ამას არა აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, ძალიან მსხვილ ბიზნესებზე ვლაპარაკობთ, იმისთვის ამით არაფერი იცვლება. ძალიან ბევრი კომპანია ვიცი, რომლებიც დარეგისტრირებისთანავე რეგისტრირდებიან ასევე დღგ-ს გადამხდელად, სულ არ ელოდებიან არც 100 000-ს და არც 300 000-ს, ეს მათი სპეციფიკიდან გამომდინარეობს.

ეს გადაწყვეტილება ყველანაირად სწორი, მისაღები იქნება მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, რომლის განვითარებაც, განსაკუთრებით წარმოებებს ვგულისხმობ, აგროსფეროს ვგულისხმობ, ყველაზე მეტად სჭირდება ამ ქვეყანას",- ამბობს ალექსანდრე რატიშვილი.

"თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია“ (თბა) ფინანსთა სამინისტროს ინიციატივით მიმართავს და დღგ-ის რეგისტრაციის 100 000-ლარიანი ზღვრის გაზრდას მოითხოვს. ასოციაციაში მიიჩნევენ, რომ დღეს მცირე და საშუალო ბიზნესის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას დღგ-ს არსებული ზღვარი წარმოადგენს, რომელიც 2005 წლიდან მოყოლებული არ გადახედილა. ასოციაციის პოზიციაა, რომ ზღვრის 300 000 ლარამდე გაზრდა სრულად შეესაბამება დღევანდელ ეკონომიკურ რეალობას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები