მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გერმანიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ტარდება

არჩევნები

გერმანიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იმართება.

მთავარი კანდიდატები არიან მოქმედი კანცლერი ოლაფ შოლცი (სოციალ-დემოკრატიული პარტია) და ფრიდრიხ მერცი (ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი).

აღსანიშნავია, რომ გერმანიაში საპარლამენტო არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც გასული წლის ნოემბერში, ოლაფ შოლცის 3 პარტიიანი მმართველი კოალიცია დაიშალა.

საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე (თბილისის დროით, 11:00 საათზე) გაიხსნება და 18:00 საათზე (თბილისის დროით, 21:00 საათზე) დაიხურება.

საგულისხმოა, რომ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებში კონსერვატიული „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი“ (CDU) 30%-იანი მხარდაჭერით ლიდერობს და არჩევნებში ამ პარტიის გამარჯვების შემთხვევაში, მისი ლიდერი, ფრიდრიხ მერცი ქვეყნის კანცლერი გახდება.

წინასაარჩევნო გამოკითხვების შედეგად, მეორე ადგილზეა ულტრამემარჯვენე „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AFD), რომელსაც 20%-იანი მხარდაჭერა აქვს. მესამეზე კი - ამჟამინდელი კანცლერის, ოლაფ შოლცის პარტია, „გერმანიის სოციალ-დემოკრატიული“ პარტია.

ამასთან, იმ შემთხვევაშიც თუ მერცის „ქრისტიან-დემოკრატები“ არჩევნებში გაიმარჯვებენ, მთავრობის ფორმირებისთვის მათ ალიანსის დამყარება სულ მცირე ერთ პარტიასთან მოუწევთ.

არჩევნებში მონაწილეობის უფლება დაახლოებით 59,2 მლნ გერმანელს აქვს. ეგზიტპოლების შედეგები საარჩევნო უბნების დახურვისთანავე გამოქვეყნდება. მოგვიანებით კი, წინასწარი შედეგებიც გახდება ცნობილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები