გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა მოითხოვა, რომ ციფრულ სივრცეში ანონიმური ანგარიშების გამოყენება სრულად აიკრძალოს და მომხმარებლებისთვის სოციალურ ქსელებში დარეგისტრირება რეალური სახელებითა და გვარებით სავალდებულო გახდეს.
როგორც ირკვევა, ქვეყნის პირველი პირის მთავარი მოტივი თავისუფალი საზოგადოებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების დაცვაა. მერცი მიიჩნევს, რომ ყალბი ანგარიშების ქონის დაშვება როგორც შიდა, ისე გარე აქტორებს აძლევს საშუალებას, გაავრცელონ ყალბი ინფორმაცია და არავითარი პასუხისმგებლობა ამაზე არ აიღონ.
კანცლერის თქმით, ანგარიშების შექმნის სისტემის მოწესრიგება ხელს შეუწყობს საინფორმაციო ველის მავნე ელემენტებისაგან განეიტრალებას და ისეთი მტრული ძალების გაქრობას, რომლებიც ციფრული ანონიმურობის ჩრდილში მოქმედებენ და ხელოვნური ინტელექტის ალგორითმებს საზოგადოების დესტაბილიზაციისთვის იყენებენ.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ინიციატივას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ქვეყნის წამყვანი ოპოზიციური პარტიები, მათ შორის ევრო-სკეპტიკური AfD და ყოფილი კანცლერის, ოლაფ შოლცის სოციალ-დემორაკტები. მათი შეფასებით, ანონიმურობა პოლიტიკურად დევნილი ადამიანებისთვის საკუთარი სათქმელის გავრცელების ერთადერთი უსაფრთხო გზაა. SPD-მ თავისი ალტერნატიული ინიციატივაც წარადგინა, რომელიც არა საერთო სახელმწიფო სისტემის ჩამოყალიბებას, არამედ მომხმარებელთა იდენტიფიცირების მექანიზმების გამკაცრების ტექ-კომპანიებისთვის მოთხოვნას ითვალისწინებს. შესაბამისად, ანგარიშების გახსნის ან გამოყენების პროცესს არა გერმანიის სპეცსამსახურები, არამედ Meta, Google-ი და სხვა ტექნოლოგიური გიგანტები გააკონტროლებენ. ამით, ერთი მხრივ, მოგვარდება პოლიტიკური დისიდენტების ანონიმურობის პრობლემა, მეორე მხრივ კი, პასუხისმგებლობა სრულად კომპანიებზე გადავა, რომლებსაც მოუწევთ იდენტიფიკაციის პროცესის გამკაცრება, რათა სახელმწიფოს მიერ დაწესებული დიდი ჯარიმები თავიდან აირიდონ.




























