გერმანიის კანცლერის ფრიდრიხ მერცის თქმით, პუტინი და ზელენსკი მომდევნო 2 კვირაში შეხვდებიან.
მისი ინფორმაციით, შეხვედრის ლოკაცია, რომელზეც ვლადიმერ პუტინი ტრამპთან სატელეფონო საუბრის დროს დათანხმდა, ჯერ დაზუსტებული არაა.
„ჩვენ არ ვიცით, ეყოფა თუ არა რუსეთის პრეზიდენტს გამბედაობა, რომ ასეთ სამიტზე დაესწროს“, - თქვა მერცმა.
როგორც მერცმა განაცხადა, უსაფრთხოების გარანტიებში მთელმა ევროპამ უნდა მიიღოს მონაწილეობა.
„რუსეთის მოთხოვნა, კიევმა დონბასის თავისუფალი ნაწილები დათმოს, პირდაპირ რომ ვთქვათ, შეესაბამება წინადადებას, რომ შეერთებულმა შტატებმა ფლორიდა დათმოს“, - განუცხადა მერცმა ჟურნალისტებს თეთრ სახლში მოლაპარაკებების შემდეგ.
როგორც გუშინ, თეთრ სახლში გამართული სამიტის შემდეგ დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, შეხვედრის მიწურულს, პრეზიდენტ პუტინს დაურეკა და უკრაინისა და რუსეთის ლიდერების პირისპირ შეხვედრის ორგანიზება დაიწყო.




























