გერმანიის მმართველი კოალიცია, რომელიც სამი პარტიისაგან შედგებოდა, ოფიციალურად დაიშალა. ამ მოვლენას წინ უძღოდა ქვეყნის კანცლერის, ოლაფ შოლცის მიერ ერთ-ერთი წევრი პარტიის ლიდერის, კრისტიან ლინდნერის თანამდებობიდან გათავისუფლება, რომელიც ფინანსთა მინისტრის პოსტს იკავებდა.
როგორც შოლცი აცხადებს, ლინდნერის გათავისუფლების გადაწყვეტილება, მან ნდობის დაკარგვისა და ფუნდამენტურ საკითხებზე უთანხმოების გამო მიიღო, განსაკუთრებით ეკონომიკური რეფორმების გატარების მიმართულებით. ლინდნერის გათავისუფლების შემდეგ, მისი „თავისუფალი დემოკრატიული პარტია“ მმართველ კოალიციას გამოეყო, რომელიც, თავისი არსით, დაიშალა.
დიდი ალბათობით, უახლოეს მომავალში გერმანიაში რიგგარეშე არჩევნების ჩატარება გახდება აუცილებელი, ანუ ამჟამინდელი მინისტრთა კაბინეტი მხოლოდ დროებით იქნება ქვეყნის სათავეში.
ბუნებრივია, ლინდნერის ადგილი სხვა ფინანსისტმა დაიკავა და ეს იორგ კუკისია, რომელიც აქამდე ფინანსთა მინისტრის მოადგილე იყო.
კუკისი მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ფინანსისტია, რომელიც წლების განმავლობაში ამერიკულ Goldman Sachs-ში მუშაობდა, შემდეგ კი მან საჯარო სამსახურში გადაინაცვლა და 2018-დან 2021 წლამდე ფინანსური ბაზრის პოლიტიკისა და ევროპული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მდივანი იყო.