გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით თბილისში ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემის და სატრანზიტო დერეფნის განვითარება იწყება - შესაბამის სასესხო და საგრანტო შეთანხმებებს პროექტისთვის „მდგრადი ურბანული მობილობა“ დღეს რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა (KfW) და ფინანსთა სამინისტროს შორის მოეწერა ხელი.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეთანხმებებით გათვალისწინებულია რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის მიერ, 47 მილიონი ევროს ოდენობის შეღავათიანი სესხის, ასევე, 1.5 მლნ ევროს ოდენობის გრანტის გამოყოფა.
პროექტი ურბანული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების დაფინანსებას, კერძოდ, ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემისა და თბილისის სატრანზიტო დერეფნების მოწყობას ითვალისწინებს.
„თბილისში ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემის განვითარება გაზრდის გზებზე უსაფრთხოებას, ამასთან, ხელს შეუწყობს ქალაქში საცობების შემცირებისა და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
პროექტის განმახორციელებელია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია/სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო“, - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეთანხმებებს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და KfW-ს თბილისის ოფისის დირექტორმა, ბირგიტ ჰოლდერიდ კრესმა. ხელმოწერის ცერემონიას დაესწრო გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში პიტერ ფიშერი.
განსაკუთრებულ შეთანხმებას რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტს შორის, ხელი მოაწერეს თბილისის მერის მოადგილემ, ანდრია ბასილაიამ და KfW-ს თბილისის ოფისის დირექტორმა, ბირგიტ ჰოლდერიდ კრესმა.