ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ქართული ღვინის წარდგენა გერმანიის ქალაქ დეიდეშეიმში გაიმართა.
"სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერითა და სააგენტოს კონტრაქტორი გერმანული მარკეტინგული კომპანიის „ff.k Public Relations“ ორგანიზებით, გერმანიის ქალაქ დეიდეშეიმში, სომელიეთა დაჯილდოების საერთაშორისო ღონისძიების TOP 50 Sommeliers-ის ფარგლებში, ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა, რომელსაც გერმანელი ღვინის ექსპერტი ინგე მაინცერი (Inge Mainzer) უძღვებოდა.
„TOP 50 Sommeliers” 2012 წლიდან იმართება და მასში მონაწილეობას სომელიეები, HoReCa სექტორის, გასტრონომიის სფეროს და მედიის წარმომადგენლები იღებენ.
ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მიზნით, გერმანულ კომპანიასთან „ff.k Public Relations” ღვინის ეროვნული სააგენტომ თანამშრომლობა 2021 წლიდან დაიწყო. აქტიური პოპულარიზაციის კამპანია მიმდინარე წელსაც გრძელდება", - აღნიშნავენ სააგენტოში.
ევროპაში ღვინის უდიდესი იმპორტიორი ქვეყანა გერმანია ქართული ღვინის სტრატეგიული ბაზრების ჩამონათვალს 2020 წლიდან დაემატა და საექსპორტო ქვეყნების ათეულში სტაბილურად დაიმკვიდრა ადგილი.
საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, წელს გერმანიაში ღვინის ექსპორტმა იკლო და 7 თვეში 3.3 მლნ დოლარის 727 058 ლიტრი გავიდა, რაც წლიურად 5.2%-იანი კლებაა. გერმანია TOP-10 ბაზრის ჩამონათვალში მერვე ადგილს იკავებს.
გერმანიაში ღვინის ექსპორტის გასული წლების სტატისტიკა მზარდია და ასე გამოიყურება:
- 2020 წელი - $2.6 მლნ/529,187 ლიტრი
- 2021 წელი - $3.1 მლნ/623,917 ლიტრი
- 2022 წელი - $3.2 მლნ/809,660 ლიტრი
- 2023 წელი - $4.6 მლნ/991,228 ლიტრი
- 2024 წელი - $5.9 მლნ/1,285,287 ლიტრი




























