მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქართული ღვინის 26 კომპანია გერმანიაში, გამოფენა ProWein Dusseldorf-ში მონაწილეობს - როგორია ამ ქვეყანაში ექსპორტის ტენდენცია?

ღვინო

ქართული ღვინის მწარმოებელი 26 კომპანია გერმანიაში მსოფლიოს უდიდეს ღვინის გამოფენა ProWein Dusseldorf-ში მონაწილეობს. ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტო იტყობინება, თუმცა გავრცელებულ პრესრელიზში არაა დაკონკრეტებული, რომელი კომპანიები იღებენ მონაწილეობას გამოფენაში.

სააგენტოს ცნობით, 15-17 მარტს მიმდინარე სამდღიანი გამოფენის ფარგლებში, ქართული ღვინის შეფასების შესაძლებლობა ღვინის პროფესიონალებს, კომერციული სექტორის წარმომადგენლებს და გამოფენის ათასობით სტუმარს მიეცემა, რაც საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციისა და გაყიდვების ზრდისთვის უმნიშვნელოვანესია.

"გერმანია ევროპაში ყველაზე დიდი იმპორტიორი და ღვინის მომხმარებელი ქვეყანა და, ამავე დროს, ქართული ღვინის ერთ-ერთი პოტენციურად მზარდი სტრატეგიული საექსპორტო ბაზარია. ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ ორგანიზებული და მხარდაჭერილი აქტივობების, ასევე, ქართული ღვინის მწარმოებლებთან თანმიმდევრული თანამშრომლობით, შექმნილია ქართული ღვინის ექსპორტის მზარდი ტენდენცია", - წერია ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

საქსტატის საგარეო ვაჭრობის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარში გერმანიაში საქართველოდან ღვინის ექსპორტი 5%-ით გაიზარდა. 2026 წლის პირველ თვეს ამ ქვეყანაში 478 700 აშშ დოლარის ღირებულების 108 732 ლიტრი ღვინო გავიდა და ერთ ლიტრზე საშუალო საექსპორტო ფასმა 4.4 აშშ დოლარი შეადგინა. გასული წლის იანვარში კი, 456 100 აშშ დოლარის 107 133 ლიტრის ექსპორტი განხორციელდა გერმანიაში და საშუალო ფასმა 4.25 აშშ დოლარი შეადგინა.

რაც შეეხება, გასული წლის ჯამურ მონაცემებს, გერმანიაში ღვინის ექსპორტი 5,9 მლნ აშშ დოლარის 1 255 073 ლიტრი იყო. 2024 წელთან შედარებით, ესეც გაზრდილი მაჩვენებელია თანხობრივად, თუმცა მოცულობით არა. კერძოდ, 2024 წელს ჯამში 5,8 მლნ აშშ დოლარის 1 285 287 ლიტრი ღვინო გავიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები