გერმანიის ორ ფედერალურ მხარეში გამართულ არჩევნებში მმართველმა ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა (CDU) მარცხი განიცადა. ბერლინში ხმების 25.7%-ით ულტრამემარცხენე პარტია Die Linke-მ გაიმარჯვა. დედაქალაქში კანცლერ ფრიდრიხ მერცის პარტია CDU 18.8%-ით მეორე ადგილზე გავიდა. მესამე პოზიცია 16.3%-ით მემარჯვენე-პოპულისტურმა AfD-მ დაიკავა. ამას გარდა, მწვანეებმა ხმების 14.3% მიიღეს, სოციალ-დემოკრატებმა (SPD) კი 12.1%-ით ისტორიაში ყველაზე ცუდი შედეგი დააფიქსირეს. აღსანიშნავია, რომ პირველ ადგილზე გასვლის მიუხედავად, დედაქალაქის მერის პოსტის დასაკავებლად Die Linke-ს კოალიციური პარტნიორები დასჭირდება.
პარალელურად, მეკლენბურგ-წინა პომერანიის მხარეში ხმების 38.2%-ით ულტრამემარჯვენე AfD-მ გაიმარჯვა. ამ რეგიონში მეორე ადგილზე ხმების 35.5%-ით SPD გავიდა. კანცლერის პარტიისთვის ეს კენჭისყრა ისტორიულ კრახად იქცა. CDU-მ ხმების მხოლოდ 4.9% მოიპოვა და 81-წლიანი ისტორიის განმავლობაში საკანონმდებლო ორგანოში მოსახვედრად საჭირო 5%-იანი ბარიერი პირველად ვერ გადალახა.
აღსანიშნავია, რომ მეკლენბურგ-წინა პომერანიაში დაფიქსირებულ შედეგს ფრიდრიხ მერცმა პარტიის ხელმძღვანელობის საგანგებო შეხვედრაზე „კატასტროფა“ უწოდა.
საყურადღებო ფაქტია, რომ მზარდი შიდაპარტიული წნეხის მიუხედავად, გერმანიის კანცლერმა თანამდებობის დატოვებაზე უარი განაცხადა. მერცის თქმით, დაგეგმილი რეფორმების განხორციელება მოთმინებას მოითხოვს, რის გამოც იგი პასუხისმგებლობის მოხსნას არ აპირებს. ამ განცხადების შემდეგ AfD-ის თანათავმჯდომარე ტინო ხრუპალამ კანცლერის დაუყოვნებლივი გადადგომა მოითხოვა.
ცნობისთვის, საქსონია-ანჰალტის შემდეგ, AfD-მ ბოლო ორ კვირაში გერმანიის უკვე მეორე მხარეში გაიმარჯვა. 16-თვიანი მმართველობის ფონზე, კანცლერ მერცის მხარდაჭერა 14%-მდე შემცირდა.
























