მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გერმანული „ბოკ ჰოლდინგი“ ქუთაისის თიზ-ში სამკერვალოს გახსნას გეგმავს

6214e36518805
ვიქტორია მღებრიშვილი
22.02.22 17:25
1062
გერმანული კომპანია „ბოკ ჰოლდინგი“, რომელიც პროდუქციას საერთაშორისო ბრენდებს Hugo Boss-ს და Marc O’Polo-ს აწვდის, ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ინვესტირებას და სამკერვალოს ამოქმედებას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ინვესტიციის მოცულობაზე საუბარი არ არის, თუმცა ნათქვამია, რომ "ბოკ ჰილდინგი“ ქუთაისის ინდუსტრიულ ზონაში სამკერვალო საწარმოს გახსნას და საწყის ეტაპზე 350 ადამიანის დასაქმებას გეგმავს. ეს მაჩვენებელი კი პროექტის განვითარების პარალელურად 1 500 - მდე გაიზრდება.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი და „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი გერმანული კომპანიის დირექტორს დიტრიხ ბოკს და მის თანხმლებ პირებს შეხვდნენ, სადაც გერმანული ჰოლდინგის მიერ საქართველოში დაგეგმილი სამომავლო ბიზნესპროექტები განიხილეს.

დიტრიხ ბოკის განცხადებით, ჰოლდინგი ფუნქციონირებს ასევე უკრაინაში, იტალიაში, ბულგარეთში, რუმინეთში და აქვთ დაინტერესება, ბიზნესი საქართველოშიც განახორციელონ. „თქვენ ქვეყანაში ძალიან კარგი პირობები დაგვხვდა. ჩვენ მოგვწონს საქართველო და, შესაბამისად, აქ ინვესტირებას ვფიქრობთ“, - „ბოკ ჰოლდინგის“ დირექტორმა.

„საქართველოში ისეთი კომპანიების შემოყვანა, როგორიცაა „ბოკ ჰოლდინგი“, განსაკუთრებით საინტერესოა დასაქმების გაზრდის კუთხით. ინვესტორებთან მუშაობისას, ყოველთვის, ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს, რაც შეიძლება მეტი დასაქმება საუკეთესო პირობებით, რათა ჩვენი მოსახლეობის შემოსავლები გაიზარდოს. ვფიქრობ, ეს იქნება მორიგი წარმატებული ინვესტიცია, რომელიც ქუთაისის ეკონომიკას ხელს შეუწყობს“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ლევან დავითაშვილმა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები