მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გერმანული მოდელის დანერგვა ბიზნესდავების გადაწყვეტის მიმართ ნდობას გაზრდის - ლაშა ნოდია

637f8a8befa55
ელენე გოგბერაშვილი
24.11.22 22:25
1187
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ და გერმანიის ადვოკატთა ფედერალურმა პალატამ ბიზნეს დავების განხილვის გერმანული მოდელი წარადგინეს. აღნიშნული მოდელი, გერმანიის სასამართლო სისტემაში 100 წელია წარმატებულად მუშაობს. ეს მექანიზმი სპეციალური პალატის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს, რომლის შემადგენლობაში ერთი პროფესიონალი მოსამართლე და ორი მსაჯული იქნება, პალატის წევრები კი საქართველოში მოქმედი ბიზნეს ასოციაციებისა და გაერთიანებების წარმომადგენლებით დაკომპლექტდება. ამასთან შერჩეული მსაჯულებისგან მსაჯულთა რეესტრი შეიქმნება, საიდანაც კონკრეტული დავის განხილვისთვის კომერციულ პალატაში მსაჯულები წინასწარ განსაზღვრული გამჭვირვალე პროცედურების საფუძველზე შეირჩევიან.

იურისტები და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები სასამართლო სისტემაში დღეს მთავარ გამოწვევად დავების განხილვის ვადებს ასახელებენ. ხშირ შემთხვევაში დავები წლობით გრძელდება. პრობლემაა მოსამართლეთა კომპეტენციაც. იურისტების ნაწილი განმარტავს, რომ გერმანული მოდელის ქართულ სამართლებრივ სივრცეში ადაპტირება გაზრდის გადაწყვეტილების ხარისხსაც და ასევე დააჩქარებს განხილვის ვადებს, რაც დღეს მათ შორის ინვესტორებისთვის ერთ-ერთი საკვანძო საკითხია.

“ვითარდება ეკონომიკა, ფინანსები, ბიზნესი. ეს ახალ გამოწვევებს ბადებს, რაც საჭიროებს მუშაობას სპეციალიზაციის მიმართულებით, რომ მოსამართლეებმა უფრო აიმაღლონ კვალიფიკაცია ამ მიმართულებით. ასევე საჭიროებს ახალ მიდგომებს იმისათვის, რომ სასამართლო დავის თითოეული ეტაპი უფრო სწრაფად იქნას განხილული და უფრო მოკლე ვადებში იქნას მიღწეული ის შედეგი, რაც მოდავე მხარეებს სურთ სასამართლოსგან. შესაბამისად გერმანული მოდელიც შეიძლება იყოს ამ კუთხით საინტერესო. სრულად კოპირება თუ არა გარკვეული კარგი მხარეები შეიძლება იქნას გადმოღებული ჩვენს სისტემაში.

ეს [გერმანული მოდელი] გარკვეული ჰიბრიდია საარბიტრაჟო წარმოების, სადაც შესაძლებელია არბიტრები იყვნენ ბიზნესის წარმომადგენლებიც, რომ ღრმად შეისწავლონ საკითხი და ბიზნესის თვალთახედვით დაანახონ სასამართლოს, კვალიფიციური იურისტებს, როგორ შეიძლება ცალკეული საკითხები იქნას გადაწყვეტილი.

გარდა ამისა ვფიქრობ, რომ სასამართლო სისტემაში ამ ტიპის რგოლის შემოტანა გარკვეულ ნდობასაც ზრდის იმ გადაწყვეტილებების მიმართ, რომელიც ბიზნეს დავებზე შეიძლება იქნას მიღებული. ამიტომ მიმღებლობა ვფიქრობ, გაიზრდება, რაც ასევე მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ საინვესტიციო გარემო შეიცვალოს და მეტი ნდობა გაჩნდეს ქართული სასამართლოს მიმართ“,-აცხადებს ლაშა ნოდია, „ნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორები“ მმართველი პარტნიორი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები