გერმანიის სამთავრობო კაბინეტმა პარლამენტს წარუდგინა ინიციატივა, რომლის დამტკიცების შემთხვევაშიც პოლიციას დაუდგენელი წარმოშობის დრონების გაუფრთხილებლად ჩამოგდების უფლება ექნებათ. საუბარია ნებისმიერი ზომის, ფორმისა თუ დანიშნულების დრონზე, რომელიც ქვეყნის საჰაერო სივრცეს გადაკვეთს. პოლიცია განსაკუთრებით ვალდებული იქნება, ჩამოაგდოს ისეთი უპილოტო საფრენი აპარატები, რომლებიც სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებს საფრთხეს შეუქმნიან.
საკანონმდებლო ორგანოსთვის წარდგენილი კანონპროექტის თანახმად, პოლიციას არამარტო იარაღის, არამედ სიგნალის ჩახშობის მექანიზმის გამოყენების უფლებაც ექნება. ამასთან, ქვეყნის მასშტაბით შეიქმნება დრონების გაუვნებელყოფის ფედერალური დანაყოფი.
გერმანიის მთავრობის მიერ შემოთავაზებული ინიციატივა ეხმიანება ბოლო კვირების განმავლობაში გერმანიის ტერიტორიაზე გაურკვეველი წარმოშობის უპილოტო საფრენი აპარატების გახშირებულ შეფრენას. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევის დროს მიუნხენის აეროპორტი დროებით დაიკეტა, ფრენები შეწყდა, ათასობით მგზავრს კი აეროპორტში გათვალისწინებულზე გაცილებით დიდხანს მოუწია ლოდინი.




























