მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ღამის კლუბებში ანგარიშის გადახდისას ჩეკზე ერთ ნულს ამატებდნენ... დაკავებულია 15 პირი - შსს

დაკავება

თბილისში, გუშინ ღამით ღამის კლუბებში სპეცოპერაციები ჩატარდა. როგორც კრიმინალური პოლიციის უფროსმა, თეიმურაზ კუპატაძემ განაცხადა, ამ დროისთვის დაკავებულია 15 პირი, რომლებსაც თაღლითობას და გამოძალვას ედავებიან.

გამოძიების ინფორმაციით, ისინი უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, სხვადასხვა მეთოდით, თანხას სძალავდნენ.

"ამ ეტაპზე, დაკავებულია 15 პირი, ეს მოქალაქეები უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ფსიქოლოგიური და სხვადასხვა ძალადობრივი მეთოდით სძალავდნენ თანხებს. ანგარიში როდესაც მოჰქონდათ, 300 ლარის ჩეკზე ერთ ნულს ამატებდნენ და გადახდის დროს მოჰქონდათ 3000-ლარიანი ჩეკი", - აცხადებს თეიმურაზ კუპატაძე.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა:

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დიდი ოდენობით თანხის დაუფლების თაღლითური სქემა გახსნეს, დაკავებულია 15 პირი.

ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობისა და გამოძალვის ბრალდებით დაკავებულები არიან: 2001 წელს დაბადებული ნ.უ.; 1986 წელს დაბადებული გ.ფ.; 1988 წელს დაბადებული გ.ლ.; 1996 წელს დაბადებული ვ.გ.; 1990 წელს დაბადებული ბ.ღ.; 2002 წელს დაბადებული გ.ე.; 2001 წელს დაბადებული ე.მ.; 1978 წელს დაბადებული ა.ხ.; 2000 წელს დაბადებული ლ.კ.; 1989 წელს დაბადებული მ.მ.; 1992 წელს დაბადებული ო.ა. და წარსულში ნასამართლები პირები: 1990 წელს დაბადებული ბ.თ.; 1997 წელს დაბადებული ა.წ.; 1974 წელს დაბადებული ი.გ. და 1999 წელს დაბადებული დ.ბ.

დანაშაულები 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული გამოძიებით, მათ შორის მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ თბილისში, რამდენიმე ღამის კლუბის მენეჯერებსა და მომსახურე პერსონალს შემუშავებული ჰქონდათ თაღლითობის გეგმა, გადანაწილებული ჰქონდათ როლები და მათ დაწესებულებაში შესულ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მომსახურებასთან და შეკვეთილ პროდუქციასთან შეუსაბამო თანხებს სძალავდნენ.

იმ შემთხვევაში თუ სტუმარი უარს აცხადებდა თანხის გადახდაზე, თანამშრომლები მათზე ფსიქოლოგიური ზეწოლას და მუქარას ახორციელებდნენ და ამ გზით ცდილობდნენ მოთხოვნილი თანხის მიღებას. ხოლო, თუ დაზარალებულები მაინც უარს აცხადებდნენ თაღლითურად დაკისრებული თანხის გადახდაზე მათ ფიზიკურად უსწორდებოდნენ.

პოლიციამ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირები, მოსამართლის განჩინების საფუძველზე თბილისში დააკავა.

სამართალდამცველების მიერ ნივთმტკიცებად კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონებია ამოღებული.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 181-ე მუხლებით მიმდინარეობს", - ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები