„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ანტიკორუფციული პროგრამის ხელმძღვანელის სანდრო ქევხიშვილის შეფასებით, დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზებაში ბრალდებული ყოფილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისთვის, გირაოს სახით, ₾1 მილიონის შეფარდება, როცა მოქალაქეებს პირბადის არტარებისთვის სვამენ ციხეში ალოგიკურია.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ანტიკორუფციული პროგრამის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ აჩვენებს ხელისუფლების მიერ სამართლის შერჩევით გამოყენებას და სისტემური კორუფციის გაღრმავებას.
„ეს ნამდვილად უცნაურია“ - თქვა ქევხიშვილმა BMGTV-ს გადაცემა #წერტილში და იქვე განმარტა - რატომაც: „გირაოთი ათავისუფლებენ იმ ადამიანებს, ვისაც არ აქვს საშუალება, ხელი შეუშალოს გამოძიებას. ირაკლი ღარიბაშვილის შემთხვევაში კი საქმე გვაქვს ფართომასშტაბიან გამოძიებასთან, სადაც უამრავი ადამიანი და მტკიცებულებაა ჩართული. ლოგიკური კითხვაა - მას არ აქვს ბერკეტი, რომ გავლენა მოახდინოს მოწმეებზე ან დამალოს რაღაც, რაც გამოძიებას ჯერ არ აღმოუჩენია?“
მისი თქმით, საქმე მხოლოდ კონკრეტულ გადაწყვეტილებაში კი არა, მთლიანად ქვეყანაში ჩამოყალიბებულ ტენდენციაშია.
„ადამიანებს პირბადის არტარებისთვის სვამენ ციხეში, და იქ, სადაც მართლაც არსებობს გამოძიებაზე ზემოქმედების რისკი, გირაო აკმარეს. ეს ჯდება იმ გარემოში, სადაც კანონის უზენაესობა, ფაქტობრივად, აღარ არსებობს - შერჩევითი სამართალია და „ქართული ოცნება“ მართლმსაჯულების სისტემას პოლიტიკურ მიზნებისთვის იყენებს... დამოუკიდებელი სასამართლო და პროკურატურა რომ გვქონდეს, ასეთ მასშტაბურ დანაშაულზე, სადაც ყოველდღე ბრიფინგები ტარდება და გვესმის - „კიდევ ჩხრეკა ჩავატარეთ“, „კიდევ ამოვიღეთ ოთხი მილიონი“ და ა.შ. ასეთ ვითარებაში ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტის გირაოთი გამოშვება სრულიად ალოგიკურია,“ - განაცხადა მან.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ანტიკორუფციული პროგრამის ხელმძღვანელს არ სჯერა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ბოლო პერიოდში ყოფილი თანამდებობის პირების დაკავებით კორუფციას ებრძვის, მაგრამ მისი თქმით, მიმდინარე პროცესებით ხელისუფლება თავად ადასტურებს იმას, რასაც წლების განმავლობაში უარყოფდა, რომ ქვეყანაში ელიტური კორუფცია არაა.
„წლების განმავლობაში, როცა ვამბობდით, რომ კორუფცია საგანგაშო დონეებს უახლოვდება, „ქართული ოცნებიდან“ პასუხობდნენ, რომ ეს პრობლემა გადაჭრილია. ახლა კი თავადვე აღიარებენ, რომ კორუფცია იყო სისტემური და მაღალი დონის. ეს უკვე მათი სიტყვებია“, - აღნიშნა ქევხიშვილმა.
მისი თქმით, საზოგადოების წინაშე დღეს დგას მნიშვნელოვანი გამოწვევა - რეალური ცნობიერების ამაღლება და იმ ამომრჩევლამდე ინფორმაციის მიტანა, ვისა კვლავ სჯერა, რომ ხელისუფლება კორუფციას ებრძვის:
„ეს არის შესაძლებლობა დემოკრატიის მომხრე მოქალაქეებისთვის, რომ ამომრჩეველს გავაგებინოთ, რომ ხელისუფლება არ ემსახურება ქვეყანას. ახლა უკვე თვითონ აღიარეს, რომ „ქვეყანა შევჭამეთო“. ნეპოტიზმი, შეიძლება, ვინმემ აპატიოს [ოცნებას], მაგრამ ასობით მილიონი ლარის მოპარვა ყველასთვის მიუღებელია“, - განაცხადა სანდრო ქევხიშვილმა.
„რას უნდა დავუსვათ წერტილი საქართველოში? – „ავტორიტრიზმს“ - მოკლე პასუხით შემოიფარგლა რესპონდენტი.




























