საქართველოს პროკურატურამ ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა. უწყების ინფორმაციით, შეთანხმების მიხედვით, ღარიბაშვილი დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს.
პროკურატურის ცნობით, სასამართლომ ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ამასთან, მას დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 1 მილიონი ლარის ოდენობით. ასევე, სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთმევა დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მიღებული და მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული ფულადი თანხა.
უწყების განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილმა აღიარა ჩადენილი დანაშაული და დაეთანხმა საპროცესო შეთანხმების პირობებს. პროკურატურის შუამდგომლობა საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე სასამართლომ უკვე დააკმაყოფილა.
უკვე სასამართლოს შემდეგ, იგივე თქვა ღარიბაშვილის ადვოკატმაც: " დაადეს ჯარიმა, წაართვეს მანქანები, სახლიდან ამოიღეს „ფლეშკები“ და 6.5 მლნ დოლარი, რომელიც ჩამოერთვა, მიემართა ბიუჯეტში". მისივე ინფორმაციით, ღარიბაშვილმა ე.წ. ფულის გათეთრების ბრალდება აღიარა და ციხეში წავიდა.
საპროცესო შეთანხმებით, ყოფილ პრემიერ-მინისტრი განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის [ფულის გათეთრება] დააკავეს, რასაც ღარიბაშვილს ედავებოდნენ, 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა, თუმცა საპროცესო შეთანხმებით ირაკლი ღარიბაშვილს პატიმრობის ვადა 5 წლამდე შეუმცირდა.
2025 წლის 22 ოქტომბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ გამოძიების ფარგლებში „ქართული ოცნების“ გუნდის ორგზის პრემიერ-მინისტრმა, ყოფილმა შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უკანონო შემოსავლები აღიარა. სუს-ის ინფორმაციით, მანამდე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად მისი კუთვნილი უძრავი ქონებიდან ამოღებული იქნა 6 500 000 აშშ დოლარი და ძვირფასი ნივთები. სწორედ აღნიშნულის ჩამორთმევის შესახებ განაცხადა დღეს პროკურორმა.
უწყების ცნობით, საქმის მასალებში საუბარია ჯამურად დაახლოებით 20 მილიონი ლარის ოდენობის უკანონო შემოსავალზე.




























