ახლო აღმოსავლეთში შექმნილი მდგომარეობა პრობლემების გლობალურ ესკალაციას მოასწავებს, რომელსაც შეუძლია გლობალური ვაჭრობა დააზარალოს, - ამის შესახებ კატარის პრემიერ-მინისტრმა, შეიხ მუჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-თანიმ დავოსის “მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. არაბეთის ნახევარკუნძულის ერთ-ერთი უმდიდრესი სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრმა საერთაშორისო საზოგადოებას მიმართა და აღნიშნა, რომ ქვეყნების ყურადღება მიმართული უნდა იყოს არა მცირე მასშტაბის კონფლიქტებზე, არამედ დაძაბულობის მთავარ კერაზე, რომელიც, მისი თქმით, ღაზის სექტორია.
“საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება მიმართული უნდა იყოს არა მცირე მასშტაბის კონფლიქტებზე, არამედ ღაზის სექტორში არსებულ კონფლიქტზე. მჯერა, რომ როგორც კი ის განიმუხტება, ყველაფერი დასტაბილურდება”, - აღნიშნა შეიხ მუჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-თანიმ.
ის, რაზედაც კატარის პრემიერ-მინისტრი საუბრობს იემენის ტერიტორიაზე გააქტიურებულ სამხედრო დაჯგუფებას, “ჰუსიტთა მოძრაობას” უკავშირდება. ოფიციალური თეირანის მიერ მხარდაჭერილი ეს ორგანიზაცია “ჰამასს” უჭერს მხარს და წითელ ზღვაში შესულ გემებს ძარცვავს, რითაც გლობალური მიწოდების ჯაჭვებს ართულებს. წითელ ზღვაში სავაჭრო პროცესის ნორმალიზება საკუთარ თავზე ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებამ აიღო, რომელმაც, მოკავშირეებთან ერთად, იემენის ტერიტორიაზე ბაზირებული “ჰუსიტთა მოძრაობის” რამდენიმე სამხედრო წერტილზე იერიში მიიტანა.
“ისეთი გამოსავალი გვჭირდება, რომელიც არჩევნებში გამარჯვებულ ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას აიძულებს, კონფლიქტის მოგვარება აუცილებელ პირობად აიღოს”, - დასძინა კატარის პრემიერ-მინისტრმა “მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე” სიტყვით გამოსვლისას, რითაც ოფიციალურ ვაშინგტონს ისრაელისა და ღაზის სექტორის წარმომადგენლებს შორის დიალოგის დაწყების აუცილებლობას გაუსვა ხაზი. “ამ მხრივ, ამერიკის შეერთებული შტატები გადამწყვეტ როლს ასრულებს და გვჯერა, რომ მას მხარეების ერთმანეთის პირისპირ დასმა შეუძლია”.
შეგახსენებთ, რომ შვეიცარიის ქალაქ დავოსში “მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი” იმართება, რომელსაც ქვეყნების ლიდერები, საერთაშორისო კორპორაციების დამფუძნებლები, ბიზნესლიდერები, აკადემიური წრეებისა და პოპულარული კულტურის წარმომადგენლები ესწრებიან. დავოსის “მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე” საქართველო ოფიციალური დელეგაციითაა წარმოდგენილი, რომელსაც პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს. ფორუმი 15 იანვარს დაიწყო და 19 იანვარს დაიხურება.