მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

GHG-ს უფრო „მწვანე“ ფუნქციონირებაზე გადასასვლელად EBRD ეხმარება

633ebf236e400
BM.GE
07.10.22 09:32
569

EBRD [ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი] და GEF [გლობალური გარემოს დაცვის ფონდი] მხარს უჭერენ საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფს (GHG) ქვეყნის უმსხვილეს ჯანდაცვის პროვაიდერს. ბანკის ცნობითვე, საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი აგრძელებს მუშაობას უფრო „მწვანე“ ფუნქციონირებაზე გადასასვლელად.

„ვფიქრობ, ბიზნესმა უნდა დაიწყოს ამ თემაზე ფიქრი და განსაზღვროს ის პრიორიტეტად“, - აღნიშნავს GHG-ის ინვესტორებთან ურთიერთობისა და დაფინანსების ხელმძღვანელი ქეთევან კალანდარიშვილი, - „თითოეულმა ბიზნესმა უნდა ჩამოაყალიბოს გარემოს დაცვის დღის წესრიგი და ჩართოს ის თავის სტრატეგიულ მიმართულებაში.“

GHG არის ჯანდაცვის უმსხვილესი პროვაიდერი საქართველოში, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს სტაციონარული და ამბულატორიული სერვისების ფართო სპექტრს 16 საავადმყოფოსა და 35 კლინიკისგან შემდგარი ქსელის მეშვეობით, საერთო ჯამში, დაახლოებით 2500 საწოლით. GHG ასევე მართავს უმსხვილეს სააფთიაქო და სადისტრიბუციო ბიზნესს - 358 აფთიაქით საქართველოში და 8 აფთიაქით სომხეთში, ასევე, უდიდესი დიაგნოსტიკური ცენტრით კავკასიის რეგიონში.

EBRD-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე წერია, რომ GHG-მ დაიწყო დღეისათვის არსებული საუკეთესო მწვანე ტექნოლოგიებისა და აღჭურვილობის გამოყენება, რაც სცილდება საქართველოში მიღებულ სტანდარტულ პრაქტიკას. მათ შორისაა მოწინავე თბოიზოლაცია, მაღალი ეფექტურობის ჩილერები და ქვაბები, LED განათება და ინტეგრირებული განახლებადი ენერგიის წყაროები. ამის შედეგია ენერგიის მოხმარების შემცირება 10 პროცენტზე მეტით ჯანდაცვის დაწესებულებებში.

წელს, EBRD-ის მხარდაჭერით, GHG-მ ჩაატარა თავისი ობიექტების ენერგეტიკული აუდიტი. პროცესმა გამოავლინა რამდენიმე ხარჯთეფექტიანი გზა საქმიანობის გასაუმჯობესებლად, რაც გამოიწვევს ენერგიისა და წყლის დაზოგვას, ასევე, ენერგიის მართვის ახალ სისტემების დანერგვას და შეამცირებს არსებული შენობების გარემოს დაცვის ნაკვალევს.

„კომპანია ყოველდღიურად ცდილობს შეასრულოს თავისი მისია გააუმჯობესოს ქვეყანაში ჯანდაცვის ხარისხი სერვისებისა და პროდუქტების მზარდ სპექტრში, იყოს ეკოლოგიური პასუხისმგებლობის მქონე ბიზნესი და ხელი შეუწყოს ბაზრის მუდმივ განვითარებას“, - აღნიშნავს ქეთევან კალანდარიშვილი.

EBRD-ის ინფორმაციით, EBRD და GHG დიდი ხნის პარტნიორები არიან. ბანკმა GHG-ს 10 მილიონი აშშ დოლარის დაფინანსება გამოუყო დედაქალაქ თბილისში ორი დიდი საავადმყოფოს გარემონტებისა და განახლების, ამბულატორიული კლინიკების ქსელის გაფართოებისა და ქვეყანაში ახალი ჯანდაცვის სერვისების განვითარების მხარდასაჭერად.

ბანკი ასევე დაეხმარა კომპანიას კავკასიის რეგიონში უდიდესი დიაგნოსტიკური ლაბორატორიის - მეგა ლაბორატორიის აშენებაში. მულტიდისციპლინურმა ლაბორატორიამ, რომელიც აღჭურვილია უახლესი ინფრასტრუქტურითა და ტექნოლოგიით, საშუალება მისცა GHG-ს შეექმნა მოლეკულური ლაბორატორია და პაციენტებისთვის შეეთავაზებინა რთული ონკოლოგიური ტესტები, რომელთა ნაწილიც აქამდე არ ყოფილა ხელმისაწვდომი საქართველოში. ლაბორატორიამ ცოტა ხნის წინ მიიღო საერთაშორისო ერთობლივი კომისიის (JCI) აკრედიტაცია მაღალი სტანდარტებისათვის.

GHG-სა და EBRD-ს შორის პარტნიორობა კიდევ უფრო გამყარდა Covid-19-ის პანდემიის დროს, როდესაც ბანკმა კომპანიას 25 მილიონი აშშ დოლარი გამოუყო საბრუნავი კაპიტალისა და საოპერაციო ხარჯებისთვის.

სტატია სრულად ნახეთ აქ

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები