მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ღია მმართველობის პარტნიორობა საქართველოს მთავრობას "რუსული კანონის" გაწვევისკენ მოუწოდებს

Open Government Partnership - OGP

ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს მთავრობას "რუსული კანონის" გაწვევისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, ქვეყანას OGP-ის წევრობა შეუწყდეს. ამის შესახებ ინფორმაციას ღია მმართველობის პროცესში ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციები ავრცელებენ.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ OGP-ის შეფასებით, პარლამენტში ინიციირებული კანონი დისკრიმინაციულია, ახდენს სტიგმატიზაციას და ზღუდავს სამოქალაქო საზოგადოების, მედიის და მოწყვლადი ჯგუფების გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლებას. საქართველოს მთავრობას 30-დღიანი ვადა აქვს, რომ წარადგინოს კონკრეტული გეგმა, როგორ გადაჭრის „რეაგირების მექანიზმის“ ფარგლებში გამოვლენილ პრობლემებს, რომელთა შორისაა პარლამენტში ინიციირებული „რუსული კანონი.“

"ბოლო წლებში საქართველოს მთავრობამ არაერთხელ ღიად დაადასტურა OGP-ის ფუნდამენტურ ღირებულებებთან შეუსაბამობა არა მხოლოდ „რუსული კანონის“ მხარდაჭერით, არამედ სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის შელახვით, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე, უფლებადამცველებსა და კრიტიკული მედიის წარმომადგენლებზე ღია თავდასხმითა და მათი საქმიანობის შეზღუდვის მცდელობებით, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის პრინციპის დარღვევითა თუ საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვით.

მთავრობის მიერ OGP-ის ძირითადი ღირებულებებისა და პრინციპების უხეშად დარღვევის გამო, ღია მმართველობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრი არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვის საფუძველზე, OGP-ის საერთაშორისო სამდივნომ „რეაგირების მექანიზმი“ (OGP Response Policy) აამოქმედა. აღნიშნული მექანიზმი მიზნად ისახავს OGP საერთაშორისო სამდივნოს, პარტნიორი დონორი თუ საერთაშორისო ორგანიზაციების გაზრდილ ჩართულობას შექმნილი კრიზისის მოგვარებაში.

OGP-იმ შეისწავლა სამოქალაქო საზოგადოების მიმართვა და დაადგინა, რომ მთავრობის ქმედებები შეუსაბამოა OGP-ის ღირებულებებსა და პრინციპებთან. მთავრობას 30-დღიანი ვადა აქვს წარადგინოს კონკრეტული გეგმა, თუ როგორ გადაჭრის „რეაგირების მექანიზმის“ ფარგლებში გამოვლენილ პრობლემებს, რომელთა შორისაა პარლამენტში ინიციირებული „რუსული კანონი.“

ღია მმართველობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მთავრობას გაიწვიოს „რუსული კანონი“, რომელიც შეუთავსებელია ევროკავშირის სამართლებრივ სისტემასთან, ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან და ასევე OGP-ის ფუნდამენტურ ღირებულებებთან", - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც შემდეგი ორგანიზაციები ერთობლივად ავრცელებენ:

  • ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)
  • ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
  • მწვანე ალტერნატივა
  • საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TI)
  • სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI)
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
  • სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC)
  • პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის

ცნობისთვის, „ღია მმართველობის პარტნიორობა“ (Open Government Partnership - OGP) წარმოადგენს მრავალმხრივ ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს უზრუნველყოს მთავრობების მხრიდან კონკრეტული ვალდებულებების შესრულება ღია მმართველობის, გამჭვირვალობის, მოქალაქეების ჩართულობის განვითარების, კორუფციასთან ბრძოლის, ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის თვალსაზრისით. საქართველო OGP-ს 2011 წელს შეუერთდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები