საქართველოს ბიზნესს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე ამბობს, რომ სურსათთან შემხებლობაში პლასტიკის გამოყენების რეგულირებასთან დაკავშირებით სახელმწიფო და ბიზნესი ბევრ საკითხზე თანხმდება, თუმცა რჩება ისეთი საკითხებიც, რაც დამატებით მსჯელობას საჭიროებს.
მან გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ორგანიზებით, ბიზნესთან გამართული შეხვედრის შემდეგ შეუთანხმებელ საკითხად დაასახელა ცივი პროდუქტებისთვის პლასტმასის გამჭვირვალე ჭიქების გამოყენება.
როგორც ლევან ვეფხვაძე ამბობს, კარგია, რომ ქაღალდის ჭიქებისთვის პლასტმასის თავსახურის გამოყენება გამონაკლისის სახით ნებადართული დარჩება.
"საბოლოო მიზანი მისაღებია როგორც ბიზნესისთვის, ისევე პოლიტიკის დამგდენი პირებისთვის. რაც შეეხება უკვე კონკრეტულ აკრძალვებს, ნომერი პირველი ეს არის გაფართოებული პოლისტიროლი, ანუ თეთრი ქაფისგან გაკეთებული ჭიქები, თეფშები და ასე შემდეგ, ცალსახად ეს არის კანცეროგენული და ამაზე ვთანხმდებით, რომ უნდა აიკრძალოს. ანალოგიურად, პლასტიკის პროდუქციიდან გამომდინარე თეფშები, დანები და ასე შემდეგ. ცხადია, ამით ვამცირებთ იმ ნარჩენებს, რომელიც ბუნებაში ხვდება. ბევრ რამეზე ვთანხმდებით, არის გარკვეული საკითხები, რაზეც ჯერ კიდევ ჩვენი მიგვაჩნია, რომ ღია უნდა დარჩეს და გავაგრძელოთ საუბარი. კარგია, რომ კომპრომისი შედგა ჰორეკა სექტორისთვის, რომ ქაღალდის ჭიქებისთვის პლასტმასის თავსახური გამონაკლისში მოხვდა და ეს ძალიან სწორი გამონაკლისი იყო და ამაზე ბუნებრივია, თუმცა ღიად რჩება რაც შეუთანხმებელია, საკითხი ცივი პროდუქტებისთვის პლასტმასის გამჭვირვალე ჭიქების გამოყენება. ეს ჰორეკა სექტორისთვის ალბათ იქნება პრობლემა, გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის ბრენდირებული ჭიქები, გამჭვირვალე ჭიქები, რომელიც აუცილებელია კონკრეტული პროდუქტი დაინახოს მომხმარებელმა. ეს აკრძალვა ევროპის 26 ქვეყანაში არ არსებობს. ამიტომ ეს საკითხი მიგვაჩნია, რომ არის ღია და ამაზე ცხადია გავაგრძელებთ მუშაობას და საუბარს",- ამბობს ვეფხვაძე.
BMG-ის კითხვაზე, როგორ აისახება რეგულაციები ბიზნესის ხარჯებზე და შესაბამისად, მომხმარებლებზე, ვეფხვაძის თქმით, რელევანტურად არ მიაჩნია ხარჯზე ლაპარაკი.
"ჩვენ ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ამ ქვეყნის შვილები ვართ, შვილები გვყავს, მომავალი გვინდა ამ ქვეყანას ჰქონდეს და შესაბამისად გვინდა, რომ პლასტმასის ნარჩენი რაც შეიძლება ნაკლები იყოს ბუნებაში. ამიტომ ამაზე [ხარჯებზე] განსაკუთრებულ აქცენტს ჩვენ არ ვაკეთებთ გამომდინარე იქიდან, რომ ეს პროცესი საბოლოო ჯამში იმ დადებით სოციალურ ეფექტს მოგვცემს, რასაც ჰქვია პლასტმასის ბუნებაში არ მოხვედრა",- განაცხადა ვეფხვაძემ.
მისივე თქმით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ პლასტიკის ბოთლების შეზღუდვა ჰორეკა სექტორზე მყისიერად არ გავრცელდება და საკითხზე მსჯელობა გაგრძელდება.
"თუკი საჯარო სექტორი აკრძალავს თავისთვის შესყიდვას პლასტმასის ბოთლის, ეს ცხადია საჯარო სექტორის გადასაწყვეტია და ალბათ კეთილი ნების ნიშანი იქნება იმიტომ, რომ უკავშირდება ეს ყველაფერი ღირებულებას. მეორეს მხრივ, რაც შეეხება ჰორეკა სექტორს, აქ შევთანხმდით, რომ ჯერჯერობით ასეთი მყისიერი გადაწყვეტილება არ იქნება და როგორ გავაგრძელებთ, ალბათ ამაზე დიალოგი გვექნება",- თქვა ვეფხვაძემ.
ერთჯერადი პლასტმასის ჭურჭლის აკრძალვა 2026 წლიდან ამოქმედდება - დადგენილება მიღებულია




























