TBC-მ ნიუ-იორკში Strategy Day 2026 გამართა. როგორც "თიბისი ჯგუფის" გენერალური დირექტორი, ვახტანგ ბუცხრიკიძე BMG-სთან ინტერვიუში ამბობს, ინვესტორებთან შეხვედრაზე ისაუბრეს მიღწევებსა და სამომავლო გეგმებზე.
"ჩვენთვის ინვესტორთან ასეთი შეხვედრა არის ძალზე მნიშვნელოვანი და როგორც მოგეხსენებათ, ამას ყოველწლიურად არ ვაკეთებთ, ეს ხდება სამ წელიწადში ერთხელ. ჩვენთვის არის ძალიან კარგი შესაძლებლობა, ვისაუბროთ იმაზე, თუ რა გაკეთდა ბოლო პერიოდის განმავლობაში, მაგრამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვისაუბროთ მომავალზე, მომავალი 3-5 წლის განმავლობაში რას ვაპირებთ გავაკეთოთ საქართველოში და უზბეკეთში. სამწუხაროდ, ნიუ-იორკში ცუდი ამინდები დაგვემთხვა, რომელსაც ვერ გავთვლიდით წინასწარ, მაგრამ მიუხედავად ამისა, ძალიან ბევრი ფიზიკური დამსწრე იყო და დაახლოებით 400-მდე მონაწილე იყო ონლაინ ჩართული. ალბათ, წინა შეხვედრებისგან განსხვავებული იყო ის, რომ ძალიან ბევრი კითხვა დაისვა. დაახლოებით 15-20 კითხვა იყო ჩვენს პერსპექტივებზე და სტრატეგიულ მიმართულებებზე, როგორც საქართველოზე, ისე უზბეკეთზე",- ამბობს ვახტანგ ბუცხრიკიძე.
კითხვაზე "თიბისის" მენეჯმენტში სიახლეების შესახებ, ვახტანგ ბუცხრიკიძემ აღნიშნა, რომ ის, როგორც ჯგუფის CEO, მეტ დროს დაუთმობს საქართველოსა და უზბეკეთში განვითარებას და ასევე, ამ ორი ბაზრის მიღმა განვითარების პოტენციალს.
საქმე ისაა, რომ საქართველოში "თიბისი ბანკის" გენერალური დირექტორის პოსტი გიორგი თხელიძემ დაიკავა, რომელიც კორპორაციული და საინვესტიციო საბანკო მომსახურების მიმართულებით გენერალური დირექტორის მოადგილე იყო. ხოლო ვახტანგ ბუცხრიკიძე "თიბისი ჯგუფის" გენერალური დირექტორის პოსტზე რჩება, რომელსაც ის დღემდე "თიბისი ბანკის" გენერალური დირექტორის პოსტთან ერთად იკავებდა.
"ჩვენ უკვე დიდი ხანია აღარ ვართ მარტო ქართული ბანკი, წარმოდგენილი ვართ საკმაოდ დიდი განვითარების პერსპექტივით უზბეკეთში. ვისაუბრეთ ინვესტორებთან, რომ ღია ვართ შესაძლებლობების განვითარებაზე, როგორც საქართველოში, ისე უზბეკეთში და მის გარეთაც ვიყურებით. აქედან გამომდინარე, მე როგორც ჯგუფის CEO-ს, მინდა რომ უფრო მეტი დრო დავუთმო სტრატეგიულად რა თქმა უნდა, საქართველოსა და უზბეკეთში განვითარებას და ამავე დროს, ვიფიქროთ კიდევ რისი პოტენციალი გააჩნია "თიბისი ჯგუფს" სხვაგან განვითარდეს",- აცხადებს ვახტანგ ბუცხრიკიძე.




























