მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ღირს თუ არა დონალდ ტრამპის $100,000-იანი საათის ყიდვა?

The Trump Victory Tourbillon

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი და წლევანდელ საპრეზიდენტო არჩევნებზე რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი, დონალდ ტრამპი წინასაარჩევნო კამპანიას აგრძელებს, რომლის ფარგლებში მილიარდერმა საინტერესო გადაწყვეტილება მიიღო და ძვირად ღირებული საათების კოლექცია გამოუშვა. დონალდ ტრამპის საათების კოლექციაში ორ ძირითად მოდელს ვხვდებით, ესენია: ბიუჯეტური Fighter-ი და ძვირად ღირებული The Trump Victory Tourbillon-ი.

დონალდ ტრამპის კოლექციის მარგალიტი ძვირად ღირებული საათია, რომელსაც The Trump Victory ჰქვია და ის $100,000 ღირს. საათის ასეთ ფასს 147-ზე განსაზღვრული ლიმიტირებული რაოდენობა კორპუსში გამოყენებული 18-კარატიანი ოქრო, 122 ბრილიანტი და ტურბილონის კომპლიკაცია განაპირობებს, რომელიც საათს გრავიტაციული ტალღების ეფექტისგან იცავს. ტურნილონს, როგორც წესი, მხოლოდ ყველაზე დახვეწილ და ძვირად ღირებულ საათებში ვხვდებით, რადგან ის ყველაზე მიმზიდველი და იშვიათი კომპლიკაციაა.

შეიძლება გაგიჩნდეთ კითხვა, თუ რამდენად რეალურია ის ფასი, რა ფასადაც ყიდის დონალდ ტრამპი მის კოლექციაში არსებულ საათებს. ამ კითხვაზე პირდაპირი პასუხია, რომ $100,000-იანი იარლიყი უბრალოდ არარეალურია, რადგან ერთადერთი, რაც ამ ფასს ოდნავ მაინც ამართლებს საათში გამოყენებული ძვირად ღირებული მეტალები და ქვებია, რაც, საათების ჭეშმარიტი ენთუზიასტებისთვის, ნაკლი უფრო არის, ვიდრე სარგებელი. ამასთან, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თავად ტურბილონის კომპლიკაციის ყიდვა რთული საერთოდ არ არის, ხოლო ის კონკრეტული ტურბილონი, რომელიც ამ საათში არის გამოყენებული, 200-მდე ერთეულის შეძენის შემთხვევაში - ერთეულზე $5,000 ღირს.

გამოდის, რომ დონალდ ტრამპის საათი საკმაოდ დიდი მარჟით იყიდება, რაც, თავისი არსით, დიდი პრობლემა არ არის, რადგან საათების წარმოებაც ბიზნესია, რომელმაც მდგრადი განვითარების მიზნით მოგება უნდა დააგენერიროს. თუმცა ჟამთაღწერის ინდუსტრია არ არის ჩვეულებრივი ბიზნესი, რადგან ამ სფეროში, ისევე, როგორც ავტოინდუსტრიაში, ძალიან დიდი ყურადღება ეთმობა ბრენდის ისტორიას და გამოცდილებას. ამიტომაცაა, რომ ფასის კატეგორიით, დონალდ ტრამპის საათი Patek Philippe-ის, Vacheron Constantin-ისა და Audemars Piguet-ის საუკეთესო საათებს უწევს კონკურენციას, ხოლო ზემოხსენებული ბრენდები, საათების ინდუსტრიის წმინდა სამებად ითვლება.

თან, საინტერესო ისაა, რომ ხშირ შემთხვევაში, დონალდ ტრამპის The Trump Victory Tourbillon-ი საუკეთესო შვეიცარიულ საათებზე ძვირიც ღირს. Rolex-ის ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი და მოთხოვნადი მოდელი, Rolex Platinum Cosmograph Daytona (Ref. 126506), რომელიც პლატინისგან არის დამზადებული და რომლის ციფერბლატი ულამაზეს ცისფერ ფერში არის გადაწყვეტილი, ოფიციალურად, $78,000-მდე ღირს. ამავე საფასო სეგმენტში ვხვდებით Vacheron Constantin-ის უახლეს საათს, სახელწოდებით Overseas Chronograph (Ref. 5520V/210R-B966), რომელიც 18-კარატიან ოქროში არის გადაწყვეტილი და თან, ულამაზესი ზურმუხტისფერი ციფერბლატი აქვს. ოდნავ ძვირი ღირს Patek Philippe-ის ლეგენდარული მოდელი, Rose Gold Nautilus-ი (Ref. 5712/1R), რომელიც, საერთოდაც, ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი საათია, რომლის ყიდვის პრივილეგია დედამიწაზე მცხოვრებ ძალიან ცოტა ადამიანს აქვს.

აქვე ორიოდ სიტყვა უნდა ვთქვათ თავად ტურბილონზე, რომელიც მესაათე აბრამ-ლუი ბრეგემ 1795 წელს, ჯიბის საათების სიზუსტის გასაუმჯობესებლად შექმნა. გამომდინარე იქიდან, რომ მექანიკური საათი სხვადასხვა ჭანჭიკების ურთიერთქმედებით იმართება, გრავიტაცია, რომელიც ყველაზე და ყველაფერზე მოქმედებს, საათსაც ოდნავ ანელებს, რაც, დროთა განმავლობაში, საათს მის ძირითად დანიშნულებას აკარგვინებს. დღევანდელ საათებში, ტურბილონი აღარ არის საჭირო და ხშირად, საათებში ის მხოლოდ იმისთვის არის, რომ იყოს. საინტერესოა, რომ იაფიან საათებში ტურბილონის კომპლიკაციის გამოჩენა, როგორც წესი, ამ საათზე უარყოფითად აისახება. მარტივად რომ ვთქვათ, საათების ჭეშმარიტ ენთუზიასტებს ტურბილონიანი საათი იმ შემთხვევაში სურთ, თუ ის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მქონე საუკეთესო მესაათების მიერ არის წარმოებული.

თუკი დონალდ ტრამპის $100,000-იანი საათის ფასს ნამდვილად ვერ ამართლებს, საწინააღმდეგოს თქმა შეგვიძლია Fighter-ის სერიის ბიუჯეტურ საათებზე, მაგრამ ამ შემთხვევაში, ეს საათები უნდა აღვიქვათ არა საათებად, არამედ საკოლექციო ნივთებად, რომელთა ფასი $499-დან $799-მდე შუალედში მერყეობს. Fighter-ის სერიის საათების რაოდენობა 500-დან 1,000-მდე არის განსაზღვრული, მაგრამ თავად ეს რიცხვი საათების შემთხვევაში, არც თუ ისე დაბალია. დონალდ ტრამპმა Fighter-ის სერიის ხუთი საათი გამოუშვა, რომლებიც უმეტესწილად ფერით განსხვავდება და მცირედი კომპლიკაციებით განსხვავდება.

თუმცა, ისევ და ისევ, საათებზე საუბრისას აუცილებელია შედარება, რადგან დადგენა იმისა, ღირს თუ არა დონალდ ტრამპის საათის შეძენა, თუნდაც $499-ად ან $799-ად, ვაკუუმში შეუძლებელია. რეალურად, საათების ინდუსტრიაში ფასების დაყოფის რამდენიმე კატეგორია არსებობს და ერთ-ერთი მთავარი $1,000-მდე საათებს აერთიანებს. ამგვარად, დონალდ ტრამპის Fighter-ი ისეთ კარგ საათებს უწევს კონკურენციას, როგორიცაა Tissot PRX ან Seico Prospex, ხოლო ეს შვეიცარიული და იაპონური საათები, ძალიან დიდი ისტორიით და ყურადღებით სარგებლობენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები