ღირსეული შრომის პლატფორმაზე ძალიან საინტერესო ინფორმაცია გამოქვეყნდა. თუ იცით, რას ნიშნავს საცხოვრებელი ხელფასი? ამ ცნებას სტატისტიკის სამსახური არ ცნობს, თუმცა, პლატფორმამ wage indicators foundation-ის მეთოდოლოგია გამოიყენა და საცხოვრებელი ხელფასი გამოთვალა.
ეს არის ხელფასის ის ოდენობა, რომელიც ფარავს მშრომელთა ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელ და ძირითად საჭიროებებს. უზრუნველყოფს ისეთ საბაზისო ხარჯებს როგორიცაა კვება, ტანსაცმელი, საცხოვრებელი, განათლება, ჯანდაცვა, ტრანსპორტირება და სხვა მნიშვნელოვანი საჭიროებები. ფარავს მოულოდნელ ხარჯებს და რაც მთავარია, მისი გამომუშავებისათვის მშრომელებს არ უნდა სჭირდებოდეთ ზეგანაკვეთური შრომა – საცხოვრებელი ხელფასის მიღება შესაძლებელი უნდა იყოს ერთ სამუშაოზე დასაქმების შემთხვევაშიც.
Wageindicator Foundation-ის მიერ 2023 წლის ოქტომბერში ჩატარებული გამოთვლების მიხედვით, საქართველოში ყოველთვიური საცხოვრებელი ხელფასი 1707 ლარამდე უნდა იყოს, რაც დაახლოებით 63 ლარიანი შემცირებაა შარშან იგივე პერიოდთან შედარებით, როცა ეს მაჩვენებელი 1770 ლარი იყო.
რას ემსახურება ღირსეული შრომის პლატფორმა, რა მიზნებით შეიქმნა და რის თქმა სურს ამ და კიდევ ბევრი ინდიკატორით, რომელსაც თავს უყრის თავის ვებგვერდზე.
კიდევ ერთი საინტერესო, მაგალითად, მოპარული ხელფასის მთვლელია. მოპარული ხელფასი საერთაშორისო ტერმინია, რომელიც აღნიშნავს იმას, როცა დასაქმებულს კანონით კუთვნილ ხელფასს არ უხდიან. საქართველოში მკაფიო წარმოდგენა იმასთან მიმართებით, თუ რამხელაა მოპარული ხელფასის ოდენობა, ჯერ არცერთ კვლევას არ შეუქმნია, თუმცა ღირსეული შრომის პლატფორმამ მოპარული ხელფასის მთვლელი შექმნა იმის გასაანგარიშებლად, თუ რამდენ თანხას შეიძლება კარგავდეთ – მაგალითად იმიტომ, რომ თქვენი დამსაქმებელი ზეგანაკვეთურ ანაზღაურებას არ გიხდით. გამომთვლელი დაგისვამთ მარტივ შეკითხვებს, რასაც 5-დან 10 წუთამდე დასჭირდება. კითხვებზე პასუხის შემდეგ, გამომთვლელი დაახლოებით დაიანგარიშებს თქვენ სახელფასო დანაკარგს.
სტუმარი: ანანო ცინცაბაძე - ღია საზოგადოების ფონდის სოციალური სამართლიანობის პროგრამის მენეჯერი;
#საქმიანიდილა-ს #ანალიტიკა ელენე კვანჭილაშვილთან ერთად;