"საქართველოში ღონისძიებების ორგანიზების სერვისებზე მოთხოვნა განსაკუთრებით აზიური ბაზრებიდან გაიზარდა," - ამის შესახებ BM.GE-სთან საუბარში კომპანია „ინსენდიო ივენთსის“ დამფუძნებელი თიკო სიხარულიძე აცხადებს.
კომპანიაში, რომელიც მიმდინარე წლის დასაწყისში დებმა ქეთევან და თინათინ სიხარულიძეებმა დააფუძნეს, ამბობენ, რომ უცხოელი დამკვეთების მთავარი ინტერესია საქართველოში ქორწილებისა და მცირე, ლოკალური ღონისძიებების ჩატარება. სიხარულიძის შეფასებით, ამ ტენდენციის გაძლიერებას მნიშვნელოვანი წვლილი სავიზო რეჟიმის გამარტივებამ შეიტანა.
„მოთხოვნა განსაკუთრებით გაზრდილია ჩინური ბაზრიდან. ისინი აქტიურად ინტერესდებიან ქორწილების, ხელის თხოვნის ცერემონიებისა და მცირე ღონისძიებების ორგანიზებით. ვფიქრობ, მომდევნო წლის ანალოგიურ პერიოდში უცხოელი დამკვეთების რაოდენობა უკვე ადგილობრივებსაც გადააჭარბებს,“ - აცხადებს სიხარულიძე.
მისივე თქმით, ამ დროისთვის კომპანიის დამკვეთების 70% ადგილობრივ მომხმარებლებზე, ხოლო 30% საერთაშორისო ვიზიტორებზე მოდის.
„ინსენდიო ივენთს“ ახალი ბრენდია, თუმცა მისი დამფუძნებლები 8-წლიანი გამოცდილებით მუშაობენ ღონისძიებების სფეროში. სიხარულიძის თქმით, პანდემიის შემდეგ მომხმარებელთა დამოკიდებულება მნიშვნელოვნად შეიცვალა ადამიანებისთვის საერთო გამოცდილებისა და დროის ერთად გატარება უფრო მნიშვნელოვანია, რაც ღონისძიებების დაგეგმვის სერვისებზე მოთხოვნის ზრდას განაპირობებს.
რაც შეეხება ორგანიზების ღირებულებას, ღონისძიებების ორგანიზების ღირებულება ინდივიდუალურია და დამკვეთის მოთხოვნებზეა დამოკიდებული. როგორც სიხარულიძე განმარტავს, ხელის თხოვნის ცერემონიების ფასი საშუალოდ 3 000 ლარიდან იწყება, რაც მოიცავს ცოცხალ მუსიკას, ფურშეტს და ორგანიზებას, ხოლო ქორწილების მინიმალური ღირებულება 10-15 ათასი ლარია, რაც ტენდენციური და გემოვნებიანი ღონისძიების სრულ ორგანიზებას გულისხმობს.




























