მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ღვიძლის სამკურნალო პრეპარატის განვითარებისთვის, Mirum $820 მილიონად Bluejay-ს შეისყიდის

bluejay

ბიოფარმაცევტრული კომპანია Mirum Pharmaceuticals-ი $820 მილიონიანი გარიგების ფარგლებში Bluejay Therapeutics-ს ყიდულობს , რითაც კომპანია თავის პორტფელს ღვიძლის მძიმე დაავადების სამკურნალო, კვლევის გვიან სტადიაზე მყოფ ექსპერიმენტულ მედიკამენტს შემატებს.

გარიგება კომპანიას მიანიჭებს გლობალურ უფლებებს “ბრელოვიტუგზე” (brelovitug) - მონოკლონურ ანტისხეულზე, რომელიც ქრონიკული D ჰეპატიტის სამკურნალოდ გადის ტესტირებას; ეს არის ღვიძლის იშვიათი და აგრესიული დაავადება, რომელიც აშშ-სა და ევროპაში დაახლოებით 230 000 ადამიანს აწუხებს და რომლისთვისაც ამჟამად დამტკიცებული მკურნალობის მეთოდები არ არსებობს.

შეთანხმების ფარგლებში, Mirum-ი წინასწარ გადაიხდის $250 მილიონს ნაღდი ანგარიშსწორებით და $370 მილიონს აქციების სახით, რასაც $200 მილიონამდე პოტენციური გადახდები დაემატება, გაყიდვების კონკრეტული მაჩვენებლების მიღწევის შესაბამისად.

კომპანიის შეფასებით, “ბრელოვიტუგის” გლობალური შემოსავლის პოტენციალი სულ მცირე 750 მილიონ დოლარს შეადგენს, ასევე მოსალოდნელია, რომ პიკურ პერიოდში მედიკამენტით 3 000-მდე პაციენტი იმკურნალებს.

D ჰეპატიტი ამ ვირუსული დაავადების ყველაზე მძიმე ფორმად მიიჩნევა; იგი მხოლოდ B ჰეპატიტით უკვე ინფიცირებულ ადამიანებში ვლინდება და პაციენტი ზოგ შემთხვევაში ღვიძლის სწრაფ დაზიანებამდე და კიბომდე მიჰყავს. Mirum-ის მონაცემებით, დიაგნოზირებული პაციენტების თითქმის ნახევარი 10 წლის განმავლობაში ღვიძლთან დაკავშირებული გართულებების შედეგად იღუპება.

კვლევის შუალედურ ეტაპზე ბრელოვიტუგმა D ჰეპატიტის ვირუსის დონე 48 კვირის განმავლობაში ნამკურნალებ ყველა პაციენტში შეამცირა. ამასთან, პაციენტების 82%-მდე მაჩვენებელში ღვიძლის ფერმენტების დონის ნორმალიზება დაფიქსირდა.

კვლევის დასკვნითი ეტაპის შედეგები 2026 წლის მეორე ნახევარშია მოსალოდნელი. წარმატების შემთხვევაში, Mirum-ი გეგმავს აშშ-ის მარეგულირებელი ორგანოსგან ნებართვის მოპოვებას და 2027 წლისთვის მკურნალობის დანერგვას.

გარიგების დასრულება 2026 წლის პირველ კვარტალშია მოსალოდნელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები