პრობლემაა, რომ ღვინის ბოთლები იმპორტირებულია, ქვეყანას კი, დაახლოებით, 300 მილიონი ბოთლი სჭირდება - ამის შესახებ BMG-სთან მეღვინე, კომპანია "ქართული ღვინის" ხელმძღვანელი ოთარ მუმლაძე საუბრობს.
მისი თქმით, მეღვინეებს დღეს ყველაზე მეტად სწორედ, ბოთლებისა და საწარმოო დანადგარების დეფიციტი აწუხებთ. მეღვინე მიიჩნევს, რომ საქართველომ უნდა შეიმუშაოს გრძელვადიანი გეგმა, რათა თავად აწარმოოს საჭირო კომპონენტები.
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ უნდა წახალისდეს ბოთლის წარმოება. სახელმწიფომ უნდა შეიმუშაოს ალბათ, გრძელვადიანი გეგმა, რომ ქვეყანა ამ კუთხით, თვითკმარი გახდეს. არ ვფიქრობთ, რომ ეს სწრაფად მოხდება, მაგრამ ამ ქვეყანაში ეს ინდუსტრიები არსებობდა და შესაძლებელია, რომ სახელმწიფომ აიღოს ეს პასუხისმგებლობა.
საუბარია დაახლოებით, 300 მილიონი ბოთლის წარმოებაზე. ეს შემოსავლიანიც უნდა იყოს სახელმწიფოსთვის და საინტერესოც, თანაც ადგილობრივი მეწარმეებისთვის ხელმისაწვდომობა გაჩნდეს. დღეს პრობლემა არის ის, რომ ბოთლები თითქმის, სრულად, იმპორტულია და რადგან, უმეტესად, ქვევრის ღვინოზე ვართ ფოკუსირებული, ხშირად - დეფიციტური. ეს ფული ქვეყნიდან გადის და ხომ შეიძლება ადგილზე, ადგილობრივ წარმოებაში დარჩეს?“ - ამბობს ოთარ მუმლაძე.
მისივე თქმით, საწარმოო დანადგარების კუთხითაც ქვეყანას აქვს რესურსი, არსებული სახელმწიფო საწარმოები გამოიყენოს, მაგალითად, „დელტა“ გამოიყენოს, რათა იტალიური ან სხვა უცხოური ტექნიკის ანალოგები საქართველოშივე დამზადდეს.
„იტალია მოწინავე ქვეყანაა მცირე საწარმო დანადგარების წარმოებაში. ეს დანადგარები მაგალითად ჩვენ პირადად, გამოგვიცდია და არ წარმოადგენს ისეთ სირთულეს, რომ ვერ შევძლოთ აქ წარმოება. ჩვენს სახელმწიფოს აქვს ამის რესურსი, ნამდვილად ვიცი, ეს და შესაძლებელია იმ სახელმწიფო კომპანიებში, რომლებიც უკვე არსებობს. თუნდაც, ერთ-ერთი მახსენდება თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე მყოფი "დელტა", რომელსაც შეუძლია ასეთი დანადგარების წარმოება შეუძლია, რაც ადგილობრივ წარმოებასაც წაახალისებს.
უნდა შევეცადოთ, რომ გარდა ღვინისა, დანარჩენი კომპონენტებიც, რაც შეიძლება მეტი ქართული დეტალით შევავსოთ. დღეს ბოთლში ქართული წარმოების მხოლოდ ღვინო გვაქვს. ჩვენი სურვილია, რომ სახელმწიფომ იზრუნოს ამაზე“- ამბობს ოთარ მუმლაძე.
საქსტატის მონაცემებით, 2025 წელს საქართველოში 79 მლნ 990 ათასი ლარის ბოცების, ბოთლებისა და მინის სხვა ტევადობების იმპორტი განხორციელდა. 2024 წელს კი, ეს თანხა 71 მლნ 729 ათას ლარს შეადგენდა.




























