მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ღვინის დასავლურ ბაზრებზე ექსპორტიორ ბიზნესებს ძლიერი ზურგი სჭირდებათ - გია პირადაშვილი

გია პირადაშვილი

მარტო ფესტივალები და გამოფენები არ ნიშნავს ღვინის პროდუქტის კარგად წარდგენას, - ამის შესახებ გადაცემა „ანალიტიკაში“ ღვინის კომპანიების „ჯანიანის“ და „ვინივერიას“ თანადამფუძნებელმა, გია პირადაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, “ჩვენ დასავლურ ბაზრებთან თანხვედრაში არ ვართ”, ვინაიდან საქართველოში არ არსებობს სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის სტრატეგიული თანხვედრა ისეთ პროდუქტებთან მიმართებით, როგორიცაა ღვინო.

“ღვინო საქართველოს იდენტობის ერთ-ერთი მაჩვენებელია, რომელიც უნდა იყოს საინტერესო და მასთან უნდა იყოს თანხვედრაში სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკა ბიზნესთან ერთად. ბიზნესის და სახელმწიფოს რგოლი ისე უნდა იყოს შეთამაშებული, რომ ნებისმიერ ქვეყანაში და ბაზარზე ბიზნესი სახელმწიფო მხარდაჭერას უნდა გრძნობდეს არამხოლოდ ფინანსურს, არამედ სხვანაირსაც, მათ შორის მორალურს. მარტო ფესტივალები და გამოფენები არ ნიშნავს ღვინის პროდუქტის კარგად წარდგენას, მაგალითად ევროპის ან ბრიტანეთის ბაზარზე, ის პოლიტიკა, რომელსაც ქვეყანა ატარებს, უნდა იყოს დატვირთული კულტურული და სხვა ღონისძიებებით, რომელშიც ყოველთვის იქნება საქართველოს ბრენდირება და საქართველოს დროშა პირველ ადგილზე“, - განაცხადა გია პირადაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, ასევე მნიშვნელოვანია ბიზნესმენების მოტივირებაც, რომლებიც ბევრს ცდილობენ დამოუკიდებლად შევიდნენ ასეთ ბაზრებზე. „მათ მყარი და ძლიერი ზურგი სჭირდებათ“, - განაცხადა გია პირადაშვილმა.

მისივე თქმით, არცერთი ღვინის კომპანია არ იტყვის მარკეტინგულ სუბსიდირებაზე უარს. ხოლო თავად ყურძნის ფასის სუბსიდირება არასწორი პოლიტიკაა, რომელიც მხოლოდ არჩევნებიდან არჩევნებამდე მოქმედებს.

„სუბსიდირება უნდა იყოს წარმოებული პროდუქციის მარკეტინგის ხარჯებში. რა თქმა უნდა, მარკეტინგის სუბსიდირება არის აუცილებელი და არა ნედლეულში ფულის გადაყრა, რომელიც არაფერს არ გვაძლევს. ორი ათეული წელიწადია ყურძნის სუბსიდირებით ყველა პოლიტიკური ძალა ცდილობს, რომ პოლიტიკური დივიდენდები მიიღოს. ეს ასევე არ მოქმედებს გლეხის შემოსავლებზე დადებითად. ამიტომაც ჩვენ უნდა ვცადოთ ისე, როგორც იტალიაში, საფრანგეთში, ჩილეში და სხვა ქვეყნებში სცადეს. ამ გამოცდილებების კარგად შესწავლა შეიძლება“, - განაცხადა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები