2025 წლის იანვარ-აპრილში საქართველოს ადგილობრივი წარმოების ღვინის გაყიდვით მიღებული შემოსავალი 43.2%-ით 71 მილიონ 908 ათას დოლარამდე შეუმცირდა.
შედეგად, ამ პერიოდში $2 მლრდ-იან ექსპორტში ყურძნის ნატურალური ღვინოების წილი წლიურად 3.6%-მდე შემცირდა, მაშინ როდესაც გასულ წელს, რომელიც რეკორდული იყო ღვინის წილი ექსპორტში 7.2% იყო.
საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ 4 თვის საგარეო ვაჭრობის მონაცემებში, წლის აღნიშნულ პერიოდში საქართველოდან საზღვრებს გარეთ სულ 23 930 063 ლიტრი ღვინო გაიყიდა. მაშინ როდესაც გასული წლის პირველ 4 თვეში ექსპორტირებული სასმლის მოცულობა 45 მლნ ლიტრს აღემატებოდა. პანდემიური - 2020 წლის შემდეგ ღვინის ექსპორტში ასეთი შემცირება საქართველოს არ ჰქონია. თუმცა ამ წლის შემდეგ ქართული ღვინის გაყიდვები მზარდი იყო. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ექსპორტი უმსხვილეს სასაქონლო ჯგუფების რეიტინგში ღვინომ მეოთხე ადგილი დაიკავა.
გაყიდვები ქართული ღვინის უმსხვილეს სარეალიზაციო ბაზარზე - რუსეთში სასმლის ექსპორტის კლებით არის განპირობებული. უნდა აღინიშნოს, რომ იანვარ-აპრილში 56.2%-მდე შემცირებულია მთლიან ექსპორტში რუსეთში ღვინის გაყიდვების წილიც. მაშინ როდესაც გასულ წელს საქართველოდან ექსპორტირებული ღვინის საერთო მოცულობაში რუსეთში გაყიდვებს 78.6%-იანი წილი ეკავა.
4 თვეში რუსეთში ჯამში 40 მილიონ 450 ათასი დოლარის ღირებულების 14 403 865 ლიტრი ღვინო გავიტანეთ, რამაც 2021 წლიდან ამ მიმართულებით გაყიდვების მზარდი დინამიკა შეცვალა. მთავარ საექსპორტო ქვეყანაში ღვინის გადაზიდვების კლება, შეიძლება რუსეთის მიერ ღვინისა და სხვა ალკოჰოლურ სასმლის იმპორტზე დაწესებული ბაჟით იყოს განპირობებული. იმის გამო, რომ ეს გადასახადი მაისში უნდა ამოქმედებულიყო, 2024 წლის პირველ ნახევარში რუსეთში ღვინის გაყიდვები რეკორდული იყო.
მნიშვნელოვანია, რომ იანვარ-აპრილში ყურძნის ნატურალური ღვინოების ექსპორტი ევროკავშირში 19.9%-ით გაიზარდა. ამ პერიოდში ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოდან 12 მილიონ 245 ათასი დოლარის ღირებულების 4 063 459 ლიტრი ღვინო გადაიზიდა. ევროკავშირის წევრი ქვეყნების ჩამონათვალში პირველ სამეულში პოლონეთი, გერმანია და ლატვია არიან. ევროკავშირს ქართული ღვინის გაყიდვებში 4 თვის მონაცემებით, 17% უკავია. 2024 წლის პირველ 4 თვეში 8% იყო.
რაც შეეხება სხვა საექსპორტო ბაზრებს, უმსხვილეს ქვეყნებს შორის პოლონეთში, ყაზახეთში, ჩინეთში, ბელარუსსა, ლატვიასა და ლიეტუვაში გაყიდვები გაიზარდა, ხოლო რუსეთთან ერთად ექსპორტი შემცირდა უკრაინაში, აშშ-ში და გერმანიაში.
ქართული ღვინის TOP-10 საექსპორტო ქვეყნის რეიტინგი:
- რუსეთი - $40.4 მლნ, 14 403 865 ლიტრი;
- პოლონეთი - $6.1 მლნ, 2 578 279 ლიტრი;
- ყაზახეთი - $3.7 მლნ, 1 068 621 ლიტრი;
- უკრაინა - $3.2 მლნ, 1 318 131 ლიტრი;
- ჩინეთი - $3.5 მლნ, 1 124 529 ლიტრი;
- აშშ - $2 მლნ, 303 579 ლიტრი;
- ბელარუსი - $1.9 მლნ, 667 359 ლიტრი;
- გერმანია - $1.8 მლნ, 383 571 ლიტრი;
- ლატვია - $1.7 მლნ, 473 982 ლიტრი;
- ლიეტუვა - $799 ათასი, 250 304 ლიტრი; ზრდა
ამ ქვეყნების გარდა ქართული ღვინო წელს თურქეთში, გაერთიანებულ სამეფოში, მონღოლეთში, ესტონეთში, აზერბაიჯანში, იაპონიაში, ისრაელსა და კანადაში გავყიდეთ.




























