მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ღვინის ექსპორტში რუსეთის წილი 55.3%-მდე შემცირდა, EU-ს წილი, ზრდის მიუხედავად, კვლავ მცირეა

ქართული ღვინო

2025 წლის იანვარ-მარტში საქართველოს $1.4 მლრდ-იან ექსპორტში ყურძნის ნატურალური ღვინოების წილი წლიურად 3.6%-მდე შემცირდა. ამ პერიოდში ადგილობრივი წარმოების ღვინის გაყიდვით მიღებული შემოსავალი ქვეყანას 40.4%-ით 49 მილიონ 831 ათას დოლარამდე შეუმცირდა.

წლის აღნიშნულ პერიოდში საქართველოდან საზღვრებს გარეთ სულ 16 552 203 ლიტრი ღვინო გაიყიდა. მაშინ როდესაც გასული წლის პირველ კვარტალში ექსპორტირებული სასმლის მოცულობა 30 მლნ ლიტრამდე იყო. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ექსპორტი უმსხვილეს სასაქონლო ჯგუფების რეიტინგში ღვინომ მეოთხე ადგილი დაიკავა.

პირველი კვარტალის მონაცემებით, ღვინის ექსპორტში კლება პანდემიური 2021 წლის შემდეგ არ გვქონია. შემცირება კი ქართული ღვინის უმსხვილეს სარეალიზაციო ბაზარზე - რუსეთში სასმლის ექსპორტის კლებით არის განპირობებული. უნდა აღინიშნოს, რომ იანვარ-მარტში 55.3%-მდე შემცირებულია მთლიან ექსპორტში რუსეთში ღვინის გაყიდვების წილიც. მაშინ როდესაც გასულ წელს საქართველოდან ექსპორტირებული ღვინის საერთო მოცულობაში რუსეთში გაყიდვებს 77.8%-იანი წილი ეკავა.

პირველ კვარტალში რუსეთში ჯამში 27 მილიონ 585 ათასი დოლარის ღირებულების 9 698 095 ლიტრი ღვინო გავიტანეთ, რამაც 2021 წლიდან ამ მიმართულებით გაყიდვების მზარდი დინამიკა შეცვალა. მთავარ საექსპორტო ქვეყანაში ღვინის გადაზიდვების კლების ტენდენცია შეიძლება რუსეთის მიერ ღვინოსა და სხვა ალკოჰოლურ სასმელის იმპორტზე დაწესებული ბაჟით იყოს განპირობებული. იმის გამო, რომ ეს გადასახადი მაისში უნდა ამოქმედებულიყო, 2024 წლის პირველ ნახევარში რუსეთში ღვინის გაყიდვები რეკორდული იყო.

მნიშვნელოვანია, რომ იანვარ-მარტში ყურძნის ნატურალური ღვინოების ექსპორტი ევროკავშირში 19.5%-ით გაიზარდა. ამ პერიოდში ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოდან 8 მილიონ 800 ათასი დოლარის ღირებულების 2 984 027 ლიტრი ღვინო გადაიზიდა. ევროკავშირის წევრი ქვეყნების ჩამონათვალში პირველ სამეულში პოლონეთი, გერმანია და ლატვია არიან. ევროკავშირს ქართული ღვინის გაყიდვებში 3 თვის მონაცემებით, 9.4% უკავია. 2024 წლის პირველ კვარტალში 8.8% იყო.

რაც შეეხება სხვა საექსპორტო ბაზრებს, უმსხვილეს ქვეყნებს შორის პოლონეთში, ყაზახეთში, აშშ-ში, გერმანიაში, ლატვიაში, ბელარუსსა და ლიეტუვაში გაყიდვები გაიზარდა, ხოლო რუსეთთან ერთად ექსპორტი შემცირდა უკრაინასა და ჩინეთში.

ქართული ღვინის TOP-10 საექსპორტო ქვეყნის რეიტინგი:

  1. რუსეთი - $27.5 მლნ, 9 698 095 ლიტრი;
  2. პოლონეთი - $4.7 მლნ, 1 963 242 ლიტრი;
  3. ყაზახეთი - $2.8 მლნ, 826 005 ლიტრი;
  4. უკრაინა - $2.7 მლნ, 989 010 ლიტრი;
  5. ჩინეთი - $2.3 მლნ, 797 073 ლიტრი;
  6. აშშ - $1.6 მლნ, 237 519 ლიტრი;
  7. გერმანია - $1.2 მლნ, 283 601 ლიტრი;
  8. ლატვია - $1 მლნ, 284 734 ლიტრი;
  9. ბელარუსი - $1 მლნ, 361 408 ლიტრი;
  10. ლიეტუვა - $564 ათასი, 182 802 ლიტრი

ამ ქვეყნების გარდა ქართული ღვინო წელს თურქეთში, გაერთიანებულ სამეფოში, მონღოლეთში, ესტონეთში, აზერბაიჯანში, იაპონიაში, ისრაელსა და კანადაში გავყიდეთ.

ქართული ღვინის მთავარ საექსპორტო ბაზარზე - რუსეთში ღვინის გაყიდვები შემცირდა - მიზეზები

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები