მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ღვინის ეროვნული სააგენტო ერევანში დაგეგმილ ღონისძიებაზე 200,000 ლარს დახარჯავს

ერევანი

6 ივნისს ერევანში დაგეგმილი ქართული კულტურის დღეები, რომლის ორგანიზაციაც ღვინის ეროვნულ სააგენტოს დაევალა, სახელმწიფო ბიუჯეტს 200 000 ლარი დაუჯდება. ღონისძიების მომზადება გამარტივებული შესყიდვის საფუძველზე ხორციელდება – სახელმწიფო უწყება ელექტრონული ტენდერის ჩატარების გარეშე პირდაპირ უზრუნველყოფს ყველა მომსახურებას.

საქმე ეხება საქართველოს მთავრობის 7 მაისის №771 განკარგულებას, რომლის საფუძველზეც სსიპ ღვინის ეროვნულ სააგენტოს დაევალა, მონაწილეობა საზღვარგარეთ საქართველოს კულტურის წარმოჩენაზე ორიენტირებულ ღონისძიებებში. ამ კონტექსტში, ერთ-ერთი პირველი აქტივობაა 6 ივნისს სომხეთის დედაქალაქ ერევანში – მისაკ მანუშიანის სახელობის პარკში დაგეგმილი ღონისძიება.

რა იგეგმება ერევანში?

ღონისძიება მოიცავს:

  • ქართული ღვინის დეგუსტაციას ეთნოს სტილში გაფორმებულ 15-მეტრიან ხეივანში;

  • სპეციალური სივრცეების მოწყობას კვებისთვისა და დასასვენებლად;

  • ტრადიციული ოდა სახლის ინსტალაციას სახელწოდებით „ოდა ხემისთვის“;

  • საბავშვო ზონის ორგანიზებას 200 ბავშვზე გათვლილი ქვევრის მოხატვის აქტივობით;

  • ქართული სუფრის ინსტალაციას 6-მეტრიანი დეკორატიული სუფრითა და თაღით;

  • მცირე გამოფენას ქართული მეღვინეობის თემატიკაზე – 15 ექსპონატის ასლით;

  • „კინცუგი“ ქვევრისა და ორგმინა ქვევრის ინსტალაციას შესაბამისი ინფორმაციული ბანერებით;

  • სამენოვანი ბრენდირებული ბუკლეტებისა და ატრიბუტიკის წარმოებას;

  • ფოტოზონის მოწყობას.

რატომ გამარტივებული შესყიდვა?

ღვინის ეროვნული სააგენტოს განმარტებით, შესყიდვის გამარტივებული რეჟიმით განხორციელება აუცილებელი გახდა ღონისძიების სპეციფიკიდან და ვადების სიმცირიდან გამომდინარე. მთავრობის გადაწყვეტილება 7 მაისს გამოსცეს, ხოლო ღონისძიება უკვე 6 ივნისისთვის დაიგეგმა – ამ დროის მონაკვეთი კი, უწყების შეფასებით საკმარისი არ იყო სტანდარტული ელექტრონული ტენდერის დასაგეგმად და ჩასატარებლად.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები