ღვინის გლობალურ ბაზარზე მოხმარების შემცირების ტენდენცია გრძელდება. მეღვინეობის ბრენდის "91“ დამფუძნებლის, თამარ მარკოზაშვილის შეფასებით, სექტორისთვის ეს მხოლოდ დროებითი ცვლილება აღარ არის და მეღვინეობებს მომხმარებლის ახალი ჩვევების გათვალისწინება მოუწევთ.
როგორც მან BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ განაცხადა, განსაკუთრებით საყურადღებოა ახალი თაობის დამოკიდებულება ღვინის მიმართ, რაც მწარმოებლებს პროდუქტის შეთავაზებისა და კომუნიკაციის მიდგომების გადახედვისკენ უბიძგებს.
"ამის ბევრი მიზეზი შეიძლება იყოს. ზოგადად, პირველ რიგში უნდა აღვნიშნო, რომ ღვინის ბაზარი არის საკმაოდ ციკლური და ადრეც ყოფილა ასეთი შემთხვევები, როდესაც დროებით იკლებს ღვინის წარმოება და შემდგომ ისევ მომხმარებელი უბრუნდება თავის უნარ-ჩვევებს. თუმცა, ბოლო მონაცემებით ეს შეიძლება, რომ ასე აღარ იყოს და ღვინის ტრენდი ისევ ზევით აღარ ავიდეს", - ამბობს მარკოზაშვილი.
მისი შეფასებით, ცვლილება უკვე თავად მომხმარებლის მოთხოვნებშიც ჩანს. ის აღნიშნავს, რომ ღვინის არჩევისას უფრო მეტი მნიშვნელობა ხარისხს, ისტორიასა და კონკრეტული ღვინის გამორჩეულ მახასიათებლებს ენიჭება: "მომხმარებელი უფრო მეტად გახდა წუნია, ჩამოუყალიბდა გემოვნება და მნიშვნელობას ანიჭებს ღვინის ხარისხს და პატივს სცემს თავის გემოვნებას და ღვინის ისტორიას, არა მხოლოდ რაოდენობას", - აღნიშნავს ის.
მარკოზაშვილის აზრით, ეს ტენდენცია ქართული ღვინისთვისაც შესაძლებლობაა, განსაკუთრებით მაშინ, თუ ადგილობრივი მწარმოებლები მასობრივ წარმოებაზე მეტად ხარისხსა და ინდივიდუალურობაზე გააკეთებენ აქცენტს.
„ეს ინდიკაცია არის ქართული ბაზრისთვისაც, რომ კიდევ უფრო მეტი ორიენტირი ავიღოთ ღვინის ხარისხზე და მეტი ვიმუშაოთ თვითონ საინტერესო ღვინოების, გამორჩეული ღვინოების, ჯიშობრივი მახასიათებლების წინ წამოწევაზე“, - ამბობს მარკოზაშვილი.
„91“ ქართული ღვინის ბრენდია, რომელიც ადგილობრივ ყურძნის ჯიშებს თანამედროვე მეღვინეობის მიდგომებთან აერთიანებს. კომპანია ყურადღებას ამახვილებს მსუბუქ და ელეგანტურ ღვინოებზე, მათ შორის ევროპული მეთოდით დაყენებულ რქაწითელსა და მწვანეზე, ასევე ადგილობრივი ჯიშებისგან შექმნილ კუპაჟებზე. „91“-ის მიზანია, ქართული ღვინო საერთაშორისო ბაზარზე მხოლოდ ტრადიციულ მეღვინეობასთან დაკავშირებული პროდუქტის ნაცვლად, თანამედროვე და მრავალფეროვანი ღვინის სახით წარმოაჩინოს.
























