ტურისტული პროდუქტების, გასტრო და ღვინის ტურიზმის განვითარების მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტებს - „მზისკარი“ და „ღვინის გზა“ 2025 წელს 14 ახალი მარანი და 5 მასპინძელი ოჯახი შეუერთდა. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ პროექტები - „მზისკარი“ და „ღვინის გზა“, რომელიც ქვეყნის მასშტაბით მასპინძელ ოჯახებსა და საოჯახო მარნებს აერთიანებს და ნიშური ტურისტული შეთავაზებების განვითარებას ემსახურება, მიზნად ისახავს რეგიონებში ტურისტული აქტივობის ზრდას, ადგილობრივი პროდუქტების პოპულარიზაციას და საქართველოს, როგორც გასტრო და ღვინის ტურიზმის მიმართულებით მრავალფეროვანი ქვეყნის, პოზიციონირების გაძლიერებას.
უწყების ინფორმაციით, პროექტი "ღვინის გზა" ჯამში 428 საოჯახო მარანს აერთიანებს. ახალი მარნები პროექტებს შეუერთდა შიდა ქართლის, კახეთის, მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლის, იმერეთის, სამეგრელო–ზემო სვანეთისა და რაჭა-ლეჩხუმ–ქვემო სვანეთის რეგიონებიდან.
რაც შეეხება მასპინძელ ოჯახებს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, „მზისკარის“ პროექტში 2024 წელს მთელი საქართველოს მასშტაბით 15 მასპინძელი ოჯახი ჩაერთო, ხოლო 2025 წელს მათ კიდევ 5 ახალი მონაწილე დაემატა.
რას სთავაზობს ადმინისტრაცია მარნებს და მასპინძელ ოჯახებს?
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია პლატფორმა mziskari.ge-ის საშუალებით პროექტის მონაწილეებს საკუთარი პროდუქციისა და სერვისების წარმოჩენაში ეხმარება. პროექტის ფარგლებში იმართება ტრენინგები, ასევე მზადდება და გადაეცემა ობიექტის მაიდენტიფიცირებელი ბრენდირებული მანიშნებლები, რაც „მზისკარის“ მასპინძელი ობიექტების მიკვლევადობას მნიშვნელოვნად ზრდის.
ტურიზმის ადმინისტრაციის ცნობით, „მზისკარი“ გასტროტურიზმის მიმართულებით ავთენტური შეთავაზებების განვითარებას ისახავს მიზნად და აერთიანებს მასპინძელ ოჯახებს, რომლებიც სტუმრებს სთავაზობენ როგორც ტრადიციულ კერძებს, ისე ადგილობრივი სტუმარმასპინძლობის კულტურასთან გაცნობას - ოჯახურ გარემოში, კერძის მომზადების პროცესში ჩართულობითა და გასტრონომიული ინტერპრეტაციებით.




























