ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია Booking.com-თან 177 ათასი დოლარის ღირებულების მარკეტინგული ხელშეკრულება გაუფორმა.
19 ოქტომბერს გაფორმებული დოკუმენტის მიხედვით, შეთანხმება გულისხმობს Booking.com-სა და ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შორის ინტერნეტ-რეკლამებისა და სარეკლამო კამპანიების განთავსებას. ხელშეკრულების მიხედვით, Booking.com ვალდებულია, რომ უზრუნველყოს რეკლამის დაბალანსებული განაწილება იმ ვებსაიტებზე, რომლებსაც ფლობს ან აკონტროლებს.
დოკუმენტი ეყრდნობა ინტერნეტ-რეკლამის სტანდარტულ პირობებს (IAB Standard Terms and Conditions Version 3.0), რომლებიც განკუთვნილია მედია-კომპანიებსა და სააგენტოებს შორის ერთი წლის ან ნაკლები ხანგრძლივობის თანამშრომლობისთვის.
Booking.com არის მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ონლაინ სამოგზაურო პლატფორმა, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, მარტივად დაჯავშნონ სასტუმროები, აპარტამენტები და სხვადასხვა ტიპის საცხოვრებელი მსოფლიოს მასშტაბით. პლატფორმა ასევე საშუალებას აძლევს ტურიზმის სფეროში მოქმედ ორგანიზაციებსა და კომპანიებს გამოიყენონ მისი ციფრული რესურსები და სარეკლამო პლატფორმები საერთაშორისო აუდიტორიის მოსაზიდად.
























