მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ღვინის ინდუსტრიის ბოლო 10 წელი - განვითარების გზა & გამოწვევები

როგორც გასული კვირის ბოლოს გაირკვა რთველის სუბსიდირება 2025 წელსაც გაგრძელდება. ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ლევან მეხუზლას თქმით, ყურძნის გამიჯვნა მოხდება დაბალ და მაღალ ხარისხად და შესაბამისად განისაზღვრება მისი ჩაბარების ფასიც. კრიტერიუმების შესახებ დამატებითი დეტალები სააგენტოს ხელმძღვანელს არ უთქვამს. გავიგეთ მხოლოდ ის, რომ მიუხედავად მრავალწლიანი საუბრებისა იმის შესახებ, რომ სუბსიდირება სექტორის განვითარებას არ ეხმარება და რომ ამ სქემიდან ნელ-ნელა უნდა გამოსულიყვნენ, ამ ყველა დაპირების მიუხედავად, სახელმწიფო უხარისხო ყურძნის შესყიდვაზე ფულს წელსაც დახარჯავს.

თავად სექტორს რაც შეეხება, ეროვნული ბანკის ბოლო კვლევის მიხედვით, ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოში ღვინის სექტორი სტაბილურად მზარდია.

კვლევის თანახმად, წინასწარი მონაცემებით, გასულ წელს ღვინის მწარმოებელი კომპანიების ბრუნვა 1.1 მლრდ ლარს აჭარბებდა, რაც მეტია 2023 წელს დაფიქსირებულ 1.09 მლრდ ლარზე. 2014-2023 წლებში ბრუნვის საშუალო წლიური ზრდა 11.6% იყო.

ბრუნვა საშუალოდ ერთ მოქმედ ღვინის საწარმოზე 2024 წელს 1 მლნ ლარი იყო, რაც ნაკლებია 2023 წლის 1.1 მლნ ლარზე. ამავე კვლევის მიხედვით, ღვინის სექტორში აქტიურ საწარმოთა რიცხვი ყოველ წელს მატულობს. 2014-2023 წლებში მოქმედი საწარმოების საშუალო წლიური ზრდის ტემპი 15.2% იყო.

უფრო დეტალურად, გასულ წელს ღვინის სექტორში დარეგისტრირებული 2 367 საწარმოდან მოქმედი 1 137 ანუ 44% იყო, რაც გაუმჯობესებული მაჩვენებელია 2023 წელთან შედარებით, როდესაც აქტიური 1 026 საწარმო იყო, ეს კი რეგისტრირებულებიდან 42%-ს ნიშნავდა. ამასთან, გასული წლის მონაცემებით, ღვინის სექტორში რეგისტრირებულ საწარმოთა წილი მთლიანად ქვეყნის მასშტაბით რეგისტრირებული საწარმოების 0.23%-ია.

იზრდება ბრენდის წარმოებაც. ეროვნული ბანკის ალკოჰოლური სასმელების სექტორის კვლევის თანახმად, გასულ წელს ქვეყანამ 238 მლნ ლარის (16 ათასი ტონა) ბრენდი და 541 მლნ ლარის (54 ათასი ტონა) საბრენდე სპირტი აწარმოვა.

2024 წელს ბრენდის და საბრენდე სპირტის ექსპორტი საქართველოდან ისტორიულ მაქსიმუმზე იყო და 289 მლნ დოლარი შეადგინა, მაშინ როცა 2023 წელს ექსპორტი 196 მლნ დოლარი იყო.

ბრენდისა და საბრენდე სპირტის სექტორის ძირითადი შემოსავლის წყარო პოსტსაბჭოთა საექსპორტო ბაზრებია, სადაც რუსეთის ფედერაციას უდიდესი წილი - 54% უკავია, სომხეთს კი 17%.

კვლევის მიხედვით საქართველოს საექსპორტო ფასი მსოფლიო ბაზარზე კონკურენტუნარიანია. ბრენდი და საბრენდე სპირტი ყველაზე ძვირად, საშუალოდ 30 დოლარად ლიტრზე, სინგაპურში გადის, ყველაზე დაბალი საექსპორტო ფასი, 2.2 დოლარი ლიტრზე, საფრანგეთშია. გასულ წელს რუსეთში საექსპორტო ფასმა იკლო და 3.9 დოლარს გაუტოლდა.

იშვნელოვანია, რომ სპირტიანი სასმელების იმპორტი ბოლო წლებში გაზრდილია ისევე, როგორც საიმპორტო ფასები. გასულ წელს ქვეყანამ 57 მლნ დოლარის პროდუქტი იყიდა, რაც 2023 წელს იმპორტირებულ 49 მლნ დოლარის სასმელებს აჭარბებს. როგორ ვითარდება ინდუსტრია და რა როლს ასრულებს სუბსიდირება?

სტუმრები: ალეკო სარდანაშვილი - “სარდანაშვილის მეღვინეობის” დამფუძნებელი;

რატი კოჭლამაზაშვილი - საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები