მსოფლიოში ღვინის მოხმარების კლების ტენდენციის ფონზე, ქართულმა ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელმა კომპანია „ასკანელმა“ 2025 წელი ფინანსური ზრდით დაასრულა. კომპანიის დამფუძნებელმა, გოჩა ჩხაიძემ BM.GE-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ გასულ წელს ჯგუფის ჯამური გაყიდვები 6%-ით გაიზარდა.
ბიზნესმენის განმარტებით, კომპანიამ სარეკორდო მაჩვენებელს მიაღწია და რეალიზებული პროდუქციის რაოდენობამ 18.6 მილიონი ბოთლი შეადგინა.
„მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში ღვინის მოხმარების ტენდენცია ეცემა, 'ასკანელმა' წელი 6%-იანი ზრდით დაამთავრა. ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი შედეგია. ჩვენს პორტფელში განსაკუთრებით ძლიერია ბრენდის (კონიაკის) მიმართულება, სადაც 12 მილიონ ბოთლს გადავაჭარბეთ“, - აღნიშნა გოჩა ჩხაიძემ.
კომპანია აქტიურად მუშაობს საექსპორტო ბაზრების გაფართოებაზე. ჩხაიძის თქმით, ტრადიციული ბაზრების გარდა, „ასკანელი“ პოზიციებს ამერიკის შეერთებულ შტატებშიც იმყარებს, სადაც პროდუქცია უკვე მსხვილ ქსელებში, მათ შორის Total Wine-შია წარმოდგენილი.
თუმცა, კომპანიის სტრატეგიული ინტერესი უახლოეს პერიოდში აზიის რეგიონს უკავშირდება. ბიზნესმენი ვარაუდობს, რომ მომდევნო 5 წლის განმავლობაში აზიური ბაზრების ექსპანსია „ასკანელის“ ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება.
„ჩვენ დიდ ინვესტიციებს ვაკეთებთ ბაზრების დივერსიფიკაციისთვის. ვფიქრობ, უახლოეს 5 წელიწადში აზიის ქვეყნებმა ინდოეთმა და ჩინეთმა უნდა"გაისროლოს". ჩვენ ამისთვის მზად ვართ“, - აცხადებს ბიზნესმენი.
გოჩა ჩხაიძე 2026 წელს გაყიდვების კიდევ უფრო მაღალ, 20-30%-იან ზრდას პროგნოზირებს. მისი განმარტებით, ამის საფუძველს იძლევა ტრადიციულ ბაზრებზე შეცვლილი რეგულაციები და მინიმალური ფასების დაწესება, რაც ბაზრიდან ფალსიფიცირებულ და დაბალხარისხიან პროდუქციას გაიყვანს, ხოლო „ასკანელის“ მსგავს რეპუტაციულ ბრენდებს პოზიციებს გაუმყარებს.




























