"ასკანელმა" გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბაკურციხეში, საბრენდე ღვინის ახალი ქარხანა გახსნა, - ამის შესახებ კომპანია Facebook გვერდიდან იტყობინება. "ასკანელის" ინფორმაციით, ახალ საწარმოში 16 ათას ტონამდე ყურძნის გადამუშავება იქნება შესაძლებელი.
"მოხარულები ვართ გაცნობოთ, გურჯაანის მუნიციპალიტეტში მდებარე ულამაზეს სოფელ ბაკურციხეში, ასკანელის საბრენდე ღვინის ქარხნის გახსნის შესახებ!
თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ ქარხანას შეუძლია 16 000 ტონამდე ყურძნის მიღება და გადამუშავება, რაც დაგვეხმარება კიდევ უფრო მეტი საუკეთესო ქართული ბრენდი მოვიტანოთ თქვენამდე!" - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ბაკურციხის საწარმოში თეთრი ყურძნის მიღება უკვე დაწყებულია.
ახალი ქარხნის შესახებ "ასკანელის" დამფუძნებელი, გოჩა ჩხაიძე BMGTV-ზე "ბიზნესის კვირეულშიც" საუბრობდა და აღნიშნავდა, რომ წელს საწარმო 9 000 ტონამდე ყურძნის ჩაბარება-გადამუშავებას გეგმავდა.
გოჩა ჩხაიძეს ახალი საწარმოს საინვესტიციო ღირებულება არ დაუსახელებია, თუმცა კომპანიის პარტნიორი "თიბისი ბანკის" მსხვილი და საშუალო კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის უფროსის, გიორგი დარჩიაშვილის თქმით, ჯამში, 2023-2024 წლების განმავლობაში „ასკანელის“ მიმართულებით ბანკმა ₾50 მლნ-ზე მეტი დაფინანსება გამოყო.