ღვინის ეროვნული სააგენტო 1.4 მლნ ლარის გამარტივებულ შესყიდვას გეგმავს. ამ ფასად სოფლის მეურნეობის სამინისტროს სააგენტო სხვადასხვა მომსახურებას მათ შორის, უმთავრესად ლაბორატორიულ მომსახურებას შეისყიდის. მომსახურების შესყიდვა 2026 წელს მთელი წლის განმავლობაში იგეგმება.
"წინა წლების პრაქტიკამ ცხადყო, რომ ქვეპროგრამის ფარგლებში შესასყიდი მომსახურების შესყიდვის ვადები და მოცულობა წინასწარ გაუთვალისწინებელ და ცვალებად ხასიათს ატარებს. გამომდინარე იქიდან, რომ ღვინის კომპანია სერტიფიკატის მისაღებად აუცილებელი კვლევების ჩასატარებლად თვითონ ირჩევს აკრედიტირებულ ლაბორატორიას, ჩვენს მიერ განსახორციელებელი კონტროლის ფარგლებში აღებული ნიმუშის კვლევა უნდა ჩატარდეს იმავე ლაბორატორიაში, რადგან კვლევის მეთოდიკა სხვადასხვა ლაბორატორიაში განსხვავებულია და ცდომილება იმდენად დიდი შეიძლება იყოს ნორმატიული აქტით დადგენილთან შედარებით, რომ ვერ მოხდეს სწორი იდენტიფიცირება და ჭეშმარიტების დადგენა, დარღვევასთან გვაქვს თუ არა საქმე, გამომდინარე აქედან, სატენდერო პროცედურებისა და ვადების გათვალისწინებით პრაქტიკულად შეუძლებელია განისაზღვროს კონკრეტული ლაბორატორიის სპეციფიკაცია რის მიხედვითაც ხორციელდება ნიმუშის კვლევა.
ასევე სატენდერო პროცედურების შესაბამისად ხელშეკრულება შესაძლებელია გაფორმდეს მხოლოდ ერთ ორგანიზაციასთან, ხოლო ღვინის კომპანიები სერტიფიკატის მისაღებად აუცილებელი კვლევების ჩასატარებლად, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, თვითონ ირჩევენ ლაბორატორიას, ჩვენს მიერ ტენდერის ჩატარების შემთხვევაში მხოლოდ ერთ ლაბორატორიაში შეგვეძლება მათ მიერ წარმოდგენილი შედეგების გადამოწმება, რაც თავისთავად ამცირებს კონტროლის მექანიზმის ეფექტურობას.
გასათვალისწინებელია, რომ დროის ერთ მონაკვეთში აღებული ნიმუშების რაოდენობა, იმდენად დიდი ოდენობითაა, ერთი კონკრეტული ლაბორატორია დროის შეზღუდულ ვადებში ვერ უზრუნველყოფს პასუხების მოწოდებას", - წერია შესყიდვების სააგენტოზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში.
ამას გარდა, სააგენტოში აცხადებენ, რომ გეგმავენ მონაცემთა ანალიზის პროცესში ჩართონ კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებსაც გააჩნიათ მსგავსი საქმიანობის გამოცდილება.
"ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დგება აუცილებლობა ქვეპროგრამით „ღვინის ლაბორატორიული კვლევა“ გათვალისწინებული შესყიდვები განხორციელდეს შეზღუდულ ვადებში",- ასე ასაბუთებს ღვინის ეროვნული სააგენტო გამარტივებული შესყიდვის აუცილებლობას.




























