მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ღვინის სააგენტოს დახმარება სჭირდება, რომ დამცირებულ მდგომარეობაში აღარ იყოს|გიორგი სამანიშვილის 3 რეკომენდაცია

სონღულაშვილი და მეხუზლა

ღვინის ეროვნული სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი სამანიშვილის აზრით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო რეფორმას საჭიროებს.

ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა, სადაც ინტერვიუს თემა მევენახეობა-მეღვინეობის დარგში ამოქმედებული და დაგეგმილი რეგულაციები იყო.

„ვხედავ, რომ სოფლის მეურნეობის მინისტრი [დავით სონღულაშვილი] და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე [ლევან მეხუზლა] ისეთ რამეს ამტკიცებენ, რაც ზუსტად იციან, რომ სიმართლეს არ შეესაბამება, [კითხვები მიჩნდება]. ორივეს ვიცნობ და ორივემ კარგად იცის, როგორ იმართება მევენახეობა-მეღვინეობის დარგი მსოფლიოში, მაგრამ ისინი მაინც ამტკიცებენ ამას, ე.ი. რაღაც ისეთი დავალებაა ან ქვეყანაში ან რაღაც ისეთი ხდება, რის შესახებაც ჩვენ არ ვიცით“, - განაცხადა მან.

საქმე ის არის, რომ ღვინის ხარისხის შენარჩუნება-გაუმჯობესების მოტივით, „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში რიგი ცვლილებები შედის. 1-ელი მაისიდან ამოქმედდა რეგულაცია, რომლის თანახმად, კომერციული ვენახების გაშენებისთვის ღვინის ეროვნული სააგენტოს ნებართვა ხდება საჭირო. „[კომერციული ვენახის გაშენებისთვის ნებართვა] არის ერთადერთი შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში ღვინის ხარისხი "დავიჭიროთ" და გავაუმჯობესოთ“ - აცხადებს სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი. გარდა ამისა, იგეგმება სავალდებულო ნიშანდების შემოღება, რომლის საფასური, სავარაუდოდ, ბოთლზე 10 თეთრი იქნება. ასევე, საყოველთაო სავალდებულო ორგანოლეპტიკურ შემოწმებას ყველა კატეგორიის ღვინო დაექვემდებარება, როგორც საექსპორტო ისე ადგილობრივი ბაზრისთვის განკუთვნილი; „მცირე მარნის“ სტატუსის მქონე მეღვინეობების წარმოების მოცულობები 40 000 ლიტრიდან 25 000 ლიტრამდე მცირდება და ა.შ.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ყოფილ ხელმძღვანელს მიაჩნია, რომ ვაზისა და ღვინის შესახებ კანონში განხორციელებული და დაგეგმილი ცვლილებების რეალური ავტორი ლევან მეხუზლა არაა.

„დღეს ღვინის ეროვნულ სააგენტოს დახმარება სჭირდება, რომ ასეთ დამცირებულ მდგომარეობაში აღარ იყოს. პირველი, რაც უნდა გაკეთდეს: ღვინის სააგენტოდან აუცილებლად უნდა გავიდეს სპირტების სერტიფიცირება და რეგულირება. სააგენტო ვერ უმკლავდება ამ პროცესს, რადგან სპირტის ბიზნესში ძალიან დიდი ფული ტრიალებს და ეს სფერო გაუმჭვირვალეა. ამ პრობლემას, ალბათ, ძალოვანი უწყებებიც კი ძლივს გაუმკლავდებოდნენ. მეორე: ღვინის სააგენტოდან უნდა გავიდეს სახელმწიფო შპს „მოსავლის მართვის კომპანია“, რომელიც ყურძენს იბარებს. შარშან ეს კომპანია ღვინის სააგენტოს გადასცეს, რაც წარმოუდგენელი ინტერესთა კონფლიქტია. გამოდის, რომ კომპანია, სადაც ყველაზე დიდი რისკია არაკანონიერი ოპერაციების, ფაქტობრივად, კონტროლის მიღმაა, რადგან მისი მაკონტროლებელი თავად მისი მფლობელია. მესამე: ღვინის სააგენტოს თავმჯდომარე უნდა იყოს არჩევითი პირი, რომელიც დაინიშნება, მაგალითად, ოთხი წლით და მას ვერავინ მოხსნის მხოლოდ იმის გამო, რომ პრემიერ-მინისტრი ან მმართველი პარტია შეიცვალა. მან უნდა იცოდეს, რომ დაწყებულ საქმეს ბოლომდე მიიყვანს. თუ დღეს ღვინის სააგენტოს არ მივეხმარებით, დარგს დავკარგავთ და ტიპურ პოსტსაბჭოთა ქვეყნად ვიქცევით“, - განაცხადა გიორგი სამანიშვილმა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ყოფილ ხელმძღვანელს სჯერა, რომ დარგში არსებული გამოწვევების გადაჭრა და ქართული ღვინის სანდო იმიჯის გადარჩენა, მხოლოდ ნამდვილი პრობლემების მოგვარებითაა შესაძლებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები