ღვინის სავალდებულო, ფასიანი ნიშანდების ამოქმედების ვადა (2027 წლის 1 თებერვალი) გადაიწევს.
"ალკოჰოლიანი სასმელის ეტიკეტზე, ჭურჭელზე ან შეფუთვაზე სააგენტოს მიერ გაცემული ნიშნის (QR კოდი, რომელიც მოიცავს ინფორმაციას სერტიფიცირებისა და ალკოჰოლიანი სასმელის შესახებ) დატანა“ - ასეა განმარტებული ტერმინი „ნიშანდება“ „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში, რომელიც 2027 წლის 1 თებერვლიდან უნდა ამოქმედდეს.
როგორც პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გელა სამხარაულმა კომიტეტის 25 ნოემბრის სხდომაზე განაცხადა, „ვაზისა და ღვინის შესახებ კანონში“ შესაბამის ცვლილებას პარლამენტის წევრები დააინიცირებენ.
აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ სავალდებულო ნიშანდების ამოქმედების თარიღის შეცვლის მიზეზად მეწარმეებისთვის მოსამზადებლად საჭირო დამატებითი დროის მიცემა დაასახელა.
„ეს იქნება ჩვენი ინიციატივა. გამოიკვეთა, რომ ნიშანდების ამუშავების თარიღი, 1 თებერვალი არ არის საკმარისი ჩვენი მეწარმეებისთვის. მნიშვნელოვანია, ნებისმიერი კანონის მიღების დროს მაქსიმალურად გვერდით დავუდგეთ ჩვენს ბიზნესმენებს, მეწარმეებს, მეღვინეებსა და მევენახეებს, რათა მათ შემდგომში რაიმე პრობლემა არ შეექმნათ. ჩვენი მეწარმეები უხერხულ სიტუაციაში რომ არ ჩავაყენოთ და მივცეთ საკმარისი დრო, რათა ნიშანდების დატანასთან დაკავშირებით სრულყოფილად აღიჭურვონ და მოემზადონ, თარიღს გადავწევთ და 2027 წლის 1 თებერვლის ნაცვლად, კანონი ძალაში 2027 წლის 1 ივლისს შევა. ვფიქრობ, ეს ძალიან გონივრული ვადაა.
1 თებერვალს ღვინის ეროვნულ სააგენტოს დასრულებული ექნება პროცედურები ნიშანდების ფორმასთან, ზომასთან, ხარისხთან და მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით, რის შემდეგაც წარმოებებს მოსამზადებლად დაახლოებით 6 თვე ექნებათ“, - განაცხადა გელა სამხარაულმა.
მისივე თქმით, სავალდებულო ნიშანდების სისტემა მრავალფუნქციურია და როგორც აღრიცხვიანობისა და ხარისხის კონტროლის, ისე მარკეტინგული ანალიზის კუთხით მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.
„ნიშანდება საკმაოდ მრავალმხრივია. QR კოდის წაკითხვის შემთხვევაში საშუალება გვექნება, გეოგრაფიულადაც მივაკვლიოთ, მსოფლიოს რომელ თაროზე [დევს] პროდუქტი და სად დაინტერესდნენ მისით. აღრიცხვიანობა მეწარმეებს საშუალებას მისცემს, თავისი თვალით დაინახონ, სად აქვთ გასაძლიერებელი მარკეტინგული მიდგომები.
გარდა ამისა, გაიზრდება ხარისხის მიმართ სანდოობა - გარჩევადი იქნება ადგილწარმოშობა და კონკრეტულად რომელი კუთხის ღვინოა. ინფორმაციის დიდი სპექტრი იქნება დატანილი თითოეულ ბოთლზე, რაც მწარმოებელს, მომხმარებელსა და სახელმწიფოს ერთად მისცემს საშუალებას, გავაკეთოთ კარგი ანალიზი და დავგეგმოთ, სად გვაქვს აგრესიული მარკეტინგი საწარმოებელი და რომელ ქვეყანას როგორ მივუდგეთ“, - განმარტა კომიტეტის თავმჯდომარემ.
ცნობისთვის, სერტიფიცირებული ალკოჰოლიანი სასმელისთვის (ღვინისთვის) ნიშანდების საფასური 2027 წლის 1 თებერვლამდე უნდა განისაზღვროს და ამ დრომდე უცნობია, თუმცა “ვაზისა და ღვინის შესახებ კანონში” შესული ცვლილებების განმარტებით ბარათში ეწერა, რომ საფასური დაახლოებით 10 თეთრი იქნებოდა, რასაც ღვინის ეროვნული სააგენტოს მენეჯმენტიც სხვადასხვა ინტერვიუში ადასტურებს. შედეგად, არსებობს მოლოდინი, რომ ღვინის ეროვნული სააგენტოს შემოსავალი დაახლოებით 14 000 000 – 15 000 000 ლარით გაიზრდება.
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ლევან მეხუზლას განცხადებით, მცირე მარნები ნიშანდების საფასურს არ გადაიხდიან.
ღვინის მწარმოებელი კომპანიების ნაწილი სავალდებულო “ნიშანდების” შემოღებას აკრიტიკებს. მათი აზრით, ეს ფაქტობრივად, ღვინის გადასახადია, რომლითაც კომპანიებს დაბეგრავენ.
























