ღვინის ეროვნული სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი, ვასილ მანაგაძე, ღვინის სავალდებულო ნიშანდებას აქციზის დაწესებას უწოდებს და ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია, ღვინის სექტორში არსებულ რომელ მწვავე პრობლემას აგვარებს აღნიშნული რეგულაცია. საკითხზე მან "საქმის კურსთან" ისაუბრა.
საქმე ისაა, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2026 წლის 4 ნოემბრის №2-458 ბრძანებით ალკოჰოლიანი სასმლის სავალდებულო ნიშანდების წესი და ფორმა დამტკიცდა, რომელიც 2027 წლის 1 თებერვლიდან უნდა ამოქმედდეს, თუმცა ნიშანდების საფასური ოფიციალურად დადგენილი ამ დრომდე არაა და როგორც ღვინის ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, წესის ამოქმედებამდე განისაზღვრება. ცნობილია, რომ ნიშანდების სავარაუდო ღირებულება 10 თეთრი იქნება ერთ ბოთლზე. ამასთან, ნიშანდება მცირე ზომის მარნის სტატუსის მქონე ღვინის კომპანიებსაც შეეხებათ, მაგრამ სექტორის წარმომადგენლებმა სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან მიიღეს დაპირება, რომ მათთვის ნიშანდების საფასური, სავარაუდოდ, 10 თეთრზე ნაკლები იქნება
ვასილ მანაგაძის შეფასებით, ხარჯი, რომლის გაწევაც მეღვინეს მოუწევს, საბოლოო ჯამში თაროზე პროდუქტსაც გააძვირებს:
„პირდაპირ ვიტყვი, ამ ახალი, წესის - ნიშანდების შემოღების მიზანი, არის ღვინის სექტორის "მოწველა" და აბსოლუტურად გაუგებარია, რა პრობლემას აგვარებს: ხარისხია დაბალი და ამ ნიშანდებით ამ ხარისხის ამაღლება მოხდება? თუ გაყიდვები არ არის საკმარისი რაოდენობის და ამ ნიშანდებას რომ შემოვიღებთ, ამით გაყიდვები გაიზრდება? ჩვენს დროს გავაუქმეთ, აქციზის გადასახადი და ახლა, "ქართულმა ოცნება" უკან აბრუნებს მას, ოღონდ სახელი შეუცვალა, თორემ ეს ყველა მეწარმისთვის არის სავალდებულო ადგილობრივ ბაზარზეც, საექსპორტო პროდუქციაზეც და კერძო სექტორს ამისთვის თანხების გადახდა მოუწევს. დაახლოებით 10 თეთრზეა საუბარი ბოთლზე, წინასწარი მონაცემებით, როგორც ვიცით. ეს საკმაოდ გააძვირებს ჩვენი მეწარმეების პროდუქციას თაროზე. ერთადერთი, რაც ზუსტად შეგვიძლია ვთქვათ, არის ის, რომ ღვინის ეროვნულმა სააგენტომ ახალი შემოსავლის წყარო გაიჩინა და რას მოხმარდება ეს თანხები, კაციშვილი ამაზე პასუხს არ გვაძლევს“ - აცხადებს მანაგაძე „საქმის კურსთან“ ინტერვიუში.























