ღვინის კომპანიების „ვინივერიას“ და „შატო მერე ვაინსის“ თანადამფუძნებლის გია პირადაშვილის განცხადებით, ევროპული და აშშ-ს ბაზრები სექტორისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამის შესახებ მან BM.GE-სთან ისაუბრა.
მისივე ცნობით, ევროპული და აშშ-ს ბაზრები აუცილებელია ბიზნესის სიჯანსაღისთვის. ამასთან, იმისათვის, რომ საქართველო მსოფლიომ გაიცნოს.
“ღვინოს 21 ქვეყანაში ვყიდით. ღვინის სექტორისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ბაზარი მაქსიმალურად დიფერენცირებული იყოს და ერთ კონკრეტულ ბაზარზე არ ვიყოთ ჩამოკიდებული. ყველასთვის ერთი და იგივე შედეგის მომცემი და აუცილებელი პირობაა, რომ ბიზნესმა კარგად იმუშაოს. ბიზნესის სიჯანსაღისთვის ევროპული და აშშ-ს ბაზარი აუცილებელია.
ამასთან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ქვეყანა მსოფლიომ გაიცნოს. რა შეიძლება მოხდეს თუ ქვეყანამ კურსი შეიცვალა? - ამაზე არ ვფიქრობ”, - განაცხადა პირადაშვილმა.
შეგახსენებთ, ღვინის ახალი ბრენდმა „ჯანიანმა“ ღვინის ჩამოსხმა 2023 წელს დაიწყო და ადგილობრივ ბაზართან ერთად ექსპორტზეც გავიდა. ქვეყნის ფარგლებს გარეთ „ჯანიანის“ ღინოები ჰოლანდიასა და დიდ ბრიტანეთში იყიდება. კომპანიის წარმადობა საწყის ეტაპზე 30 000 ბოთლია.
რაც შეეხება „ვინივერიას“, ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანია ბაზარზე დიდი ხანია ოპერირებს და საექსპორტო ქვეყნების მოცვის არეალიც ფართო აქვს. მეღვინეობა წლიურად 700 000 ბოთლ ღვინოს აწარმოებს, რომელიც საქართველოსთან ერთად ნორვეგიაში, ბელგიაში, დანიაში, გერმანიაში, იტალიაში, საფრანგეთში, ავსტრალიაში, აშშ-ის დასავლეთ ნაწილში, ასევე რუსეთში იყიდება. მეღვინეობა ყოველწლიურად ახალი საექსპორტო ბაზრების ათვისებაზეც აქტიურად მუშაობს.