მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ღვინოების დამატებას ვაპირებთ" - „ითაბანის“ გეგმები

ითაბანი

კოჭლამაზაშვილების საოჯახო მარანი და აგროტურისტული მეურნეობა „ითაბანი“ რომელიც კახეთში, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში მდებარეობს, მიმდინარე წელს, სერვისების გამრავალფეროვნებასა და ღვინის მიმართულებით გაფართოებას გეგმავს.

როგორც „ითაბანის“ დამფუძნებელი, რატი კოჭლამაზაშვილი BM.GE-სთან აცხადებს, გაფართოება იგეგმება როგორც ღვინის სახეობების, ასევე მისი მოცულობების კუთხითაც.

საოჯახო მარანი და აგროტურისტული მეურნეობა ბაზარზე 2017 წელს გამოჩნდა. ობიექტი ერთ სივრცეში ვენახს, ხეხილის ბაღებს, მარანს, სადეგუსტაციო სივრცეს და ტერასას აერთიანებს. ამასთან, აგროტურისტული მეურნეობა ასევე ტრადიციული თუშური გუდის ყველის შესაფუთ მცირე საწარმოსაც მოიცავს.

„ამჟამად 3 სახეობის ქვევრის ღვინოს ვაწარმოებთ - რქაწითელი, ქისი და საფერავი. გვიხარია, რომ 2022 წლის მოსავლის სამივე ღვინომ სხვადასხვა კონკურსებზე მედლები აიღო (ერთი ვერცხლი და ორი ბრინჯაო), რაც ზრდის ბრენდის ცნობადობას და გაყიდვების ზრდაში აისახება. დღეის მონაცემებით, წელიწადში 5000 ბოთლი ღვინო გვაქვს ჩამოსხმული.

ღვინის გაყიდვების ზრდას ვაპირებთ როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე გვინდა გასვლა საექსპორტო ბაზრებზეც. იმ ღვინოების დამატებას ვაპირებთ, რაც კახეთის იმ ზონისთვის დამახასიათებელია, მაგალითად მწვანე და ხიხვი. გარდა ამისა, გვინდა ევროპულადაც დავაყენოთ (არა ქვევრში) ერთი ან ორი სახეობა. ამასთანავე სეპაჟირებულ ღვინოს ვტესტავთ და მათ ჩამოსხმასაც ვაპირებთ (მაგ: რქაწითელი & ქისი). სხვა დეტალების დასახელებისგან კი თავს შევიკავებთ.

2023 წელი ე.წ. სატესტო წელი იყო, თუმცა ჩვენდა გასაკვირად საკმაოდ დიდი მოთხოვნა მივიღეთ. განსაკუთრებით ზაფხულში, ევროპელი ტურისტების მხრიდან, რადგან თუშეთში მოგზაური ტურისტების ნაკადები ხშირად გვსტუმრობდნენ.

რაც შეეხება საოჯახო მეურნეობას, ობიექტის სრულად მოსაწყობად სხვადასხვა პროგრამები დაგვეხმარა(ევროკავშირის და ავსტრიის დაფინანსებული მცირე გრანტები, სახელმწიფოს შეღავათიანი აგროკრედიტი და აწარმოე საქართველოს მცირე გრანტი). ამ პერიოდში ჯამურად 300,000 ლარზე მეტის ინვესტიცია განვახორციელეთ,“-აცხადებს კოჭლამაზაშვილი.

მისივე ცნობით, ობიექტს სხვადასხვა სივრცეები აქვს. შიდა სივრცეში 25-მდე ადამიანის მასპინძლობაა შესაძლებელი, გარე სივრცეში შესაძლებელია ერთდროულად 100 ადამიანის განთავსებაც.

აღსანიშნავია, რომ ობიექტში ამ ეტაპზე ძირითადად 3 ადამიანია დასაქმებული, თუმცა საჭიროებიდან გამომდინარე, კიდევ 3 ადამიანამდე დამატება ხდება.

ინფორმაციისთვის, კოჭლამაზაშვილების საოჯახო მარანი „ითაბანი“ ოფიციალურად 2023 წელს გაიხსნა. იგი მდებარეობს კახეთში, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში, თუშეთისკენ მიმავალი გზის პირას და წარმოადგენს აგროტურისტულ მეურნეობას, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს ვენახს, თხილის ბაღს, ტრადიციულ მარანს (ქვევრებით) თავისი სადეგუსტაციო სივრცით და ღია და დახურულ ტერასებს კავკასიონის ულამაზესი ხედებით. აგროტურისტული მეურნეობა ასევე მოიცავს ტრადიციული თუშური გუდის ყველის შესაფუთ მცირე საწარმოს, რომელსაც უკვე 20-წლიანი ისტორია აქვს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები