მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ღვინოზე ნიშანდების საფასურის დაწესება რეალურად მეღვინეობის დარგისთვის "ბეგარაა" - ვასილ მანაგაძე

ვასილ მანაგაძე

კომპანია „მხოლოდ კარგი ღვინოების“ დამფუძნებელი ვასილ მანაგაძე აცხადებს, რომ ალკოჰოლური სასმელების ნიშანდების დაქვემდებარების გეგმები გაუგებარია. როგორც მან განაცხადა, ბიზნესისთვის ნიშანდების გადასახადის დაკისრებას ღვინის ხარისხთან კავშირი არ აქვს და ეს ჩვეულებრივი ბეგარაა.

საქმე იმაშია, რომ საქართველოში ალკოჰოლიანი სასმელები სპეციალურ ნიშანდებას დაექვემდებარება, რასაც “ვაზისა და ღვინის შესახებ” კანონში ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა. ნიშანდება იქნება ფასიანი და მას - ღვინის ეროვნული სააგენტო გასცემს. კანონპროექტის მიხედვით, ალკოჰოლიანი სასმელის ნიშანდების სავარაუდო ღირებულება ერთ ბოთლზე 10 თეთრი იქნება.

ნიშანდებასთან ერთად ფართოვდება იმ პროდუქციის ჩამონათვალი, რომელიც სავალდებულო ორგანოლეპტიკურ შემოწმებას დაექვემდებარება, რომელიც ასევე ფასიანი სერვისია. ადგილობრივ ბაზარზე სარეალიზაციო ღვინის ორგანოლეპტიკური შემოწმების ვალდებულება ჯამში 520-მდე ღვინის კომპანიას, ნიშანდების კი 900-მდე ღვინის კომპანიას ექნება. კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, დაანონსებულმა ცვლილებებმა ხელი უნდა შეუწყოს ქართული ღვინის ხარისხისა და რეპუტაციის შენარჩუნებას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე.

“პირდაპირ ყველაფერს თავისი სახელი რომ დავარქვათ, ეს არის ახალი გადასახადის შემოღება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი კონსტიტუციით აკრძალულია ახალი გადასახადების შემოღება, რეალურად არის „ბეგარა“ მეღვინეობის დარგზე.

აბსოლუტურად გაუგებარია ნიშანდების, სავარაუდო 10-თეთრიანი ტარიფის შემოღება რას ემსახურება, რადგან ეს არც ხარისხზე მოახდენს გავლენას, ეს არ მოახდენს არც ექსპორტის გაზრდაზე გავლენას და არც შიდა რეალიზაციის გაზრდაზე. რეალურად რას ემსახურება, გაუგებარია”, - აცხადებს კომპანია „მხოლოდ კარგი ღვინოების“ დამფუძნებელი ვასილ მანაგაძე.

სიახლეა ისიც, რომ კანონპროექტის მიხედვით, ღვინის კომპანიისთვის მცირე ზომის მარნის სტატუსის მინიჭების კრიტერიუმი 40 000 ლიტრი ღვინის წარმოებიდან მცირდება 25 000 ლიტრამდე, შესაბამისად, ასეთ კომპანიებზე აღარ გავრცელდება მცირე ზომის მარნებისთვის დადგენილი შეღავათები და სერტიფიცირების მისაღებად საჭირო იქნება ორგანოლეპტიკური შემოწმების ჩატარება. ცვლილებების შედეგად მცირე მარნის სტატუსს და შეღავათებს დაახლოებით 50-მდე ღვინის კომპანია დაკარგავს.

“26 ათას ლიტრს თუ აწარმოებს მარანი უკვე მცირე მარნად აღარ ითვლება. ესეც არამიზანშეწონილი გადაწყვეტილება მგონია. 25 ათასიდან 40 ათასამდე თუ აწარმოებ, უკვე სტატუსი გეცვლება. იმის მაგივრად, რომ მცირე მარნებს ხელი შევუწყოთ, ახლა კიდევ დამატებითი გადასახადების დაწესება არ მგონია სწორი იყოს და არ მგონია წაადგეს მეწარმეებს”,-აცხადებს მანაგაძე.

ცნობისთვის, კანონპროექტის მიხედვით, ადგილობრივ ბაზარზე სარეალიზაციო ღვინის ორგანოლეპტიკური შემოწმების ვალდებულება ჯამში 520-მდე ღვინის კომპანიას, ნიშანდების კი 900-მდე ღვინის კომპანიას ექნება.

ალკოჰოლიანი სასმელების რეალიზაციის წინა წლების მაჩვენებლის გათვალისწინებით, ღვინის კომპანიებისთვის ნიშანდების გადასახადის დაწესების შედეგად ღვინის ეროვნული სააგენტოს შემოსავალი დაახლოებით 14 – 15 მილიონი ლარით გაიზრდება. დამატებით 375 ათასი ლარის მობილიზება გახდება შესაძლებელი ღვინის ორგანოლეპტიკური შემოწმებიდანაც, რადგან ნიშანდებასთან ერთად გაფართოვდება იმ პროდუქციის ჩამონათვალი, რომელიც სავალდებულო დეგუსტაციას დაექვემდებარება.

სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სერტიფიცირებული ალკოჰოლიანი სასმელის ნიშანდების საფასურის განსაზღვრისთვის დრო საქართველოს მთავრობას, 2027 წლის 1 თებერვლამდე აქვს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები